თესაუს სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრებიან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტები მაია ლომიძე და ლევან სიდამონიძე “იადეს” უნივერსიტეტში (გერმანია) სამი თვით გაემგზავრებიან. მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ საერთაშორისო პროექტის “ტემპუს სუტომა” ფარგლებში. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს თესაუში განუცხადეს.

“თესაუს საუკეთესო სტუდენტები შეარჩია გერმანულმა მხარემ, კერძოდ, პროექტის მენეჯერმა ანდრეა მენიმ” – აცხადებენ უნივერსიტეტში. 

“ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს შეთავაზება. მიმაჩნია, რომ გერმანულ უნივერსიტეტში გატარებული სამი თვე დიდ გამოცდილებას შეგვძენს მეც და ლევანსაც. მადლობა მინდა გადავუხადო სუტომას პროექტის ადგილობრივ კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ თამარ მიქელაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ამ შესაძლებლობისა და დახმარებისათვის. ვეცდებით ჩვენი უნივერსიტეტი ღირსეულად წარმოვაჩინოთ,”- აღნიშნა მაია ლომიძემ.

“მოგვიწევს სტუდენტებთან ერთად მუშაობა გაცვლით პროგრამაში, რაც ძალიან საინტერესოა, მათ შორის ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით. ეს პირადად ჩემთვის არის ძალიან დიდი შანსი, უკეთ განვავითარო ჩემი შესაძლებლობები, ახალი გამოცდილება, პრაქტიკული უნარ-ჩვევები  და რაც მთავარია დავნერგო ახალი მიდგომები ჩემს მომავალ საქმიანობაში. 3 თვე ინტენსიური პრაქტიკული სამუშაოები გველოდება”- განაცხადა ლევან სიდამონიძემ რადიო ჰერეთთან.

მაია ლომიძე და ლევან სიდამონიძე “იადეს” უნივერსიტეტში პრაქტიკული განთავსების პროგრამის სტიპენდიით 1 ივლისს გაემგზავრებიან.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ლიტერატურის შესწავლის ცენტრები, ფუნქციონირებს სპორტული, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტელექტუალთა, იუმორისტული და სადისკუსიო კლუბები. სტუდენტურ ცხოვრებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8929″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433856450001″]

მსგავსი პოსტები

Back to top button