უკრაინის ომი საქართველოს ომი არ არის – “ოცნების” თავმჯდომარე

ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი, ან არ უნდა იყოს შენი – “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომი საქართველოს ომი არ არის და ვინც ამას ამბობს, მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ.
“ხშირად ისმის ეს ფრაზა, რომ იქ მიმდინარე ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება, ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი, ან არ უნდა იყოს შენი.
სინამდვილეში ვინც ამბობს, რომ ის ომი არის საქართველოს ომიც, მიანიშნებს იმაზე, რაზეც საუბრობდა დღეს კასიანოვი. მათ უნდათ, რომ ეს ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც, ანუ ისინი ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში, მათი განზრახვა და მოტივაცია არის სწორედ ეს”, – თქვა კობახიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტის კითხვაზე “არის თუ არა რუსეთი მტერი?” პასუხად აცხადებს, რომ ეს “მარტივი კითხვა არაა”.
კობახიძის თქმით, “მტერს სხვადასხვა გაგება აქვს” და არსებობს “მარტივი კლიშეები, ტერმინები, შაბლონები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე”.
“ანალიზში არ გინდათ, შემომყვეთ. გადადიხართ რაღაც კლიშეებზე, არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი… როდესაც რაღაცას ამბობ, მაშინვე უნდა დააკონკრეტო რას გულისხმობ. მაგალითად თუ შენ ფიქრობ რომ ყველაფერი ასეა გასაზომი, თითო ტერმინით მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში. რატომ არ ვხსნით კაცო? მტერი თუა იმას ეომები, ხომ ხვდებით რას ვამბობ. მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მტრის ერთი გაგებაა, რომ ვიღაცას ეომები , მეორე არის რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება, მესამე გაგებაა სხვა და ასე შემდეგ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერია თუ ის არის, მოყვარე თუ ის, მეგობარია თუ ბიძაშვილია და არ არის მარტივი კითხვა, არ არის მარტივი კითხვა, არ არის მარტივი კითხვა… არ არის მარტივი კითხვა იმიტომ, რომ არის რაღაც მარტივი კლიშეები, მარტივი რაღაც შაბლონები, მარტივი ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე. ამიტომ არ არის მარტივი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით და ასე შემდეგ, არამედ ანალიზით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.