სახალხო დამცველი – ,,არჩევნებამდე საზოგადოებაზე ზემოქმედება არ უნდა მოხდეს”

სახალხო დამცველი ხელისუფლებას და საგამოძიებო უწყებებს წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე ახალი დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით ე.წ. გახმაურებული საქმეების საზეიმო ვითარებაში გახსნილად გამოცხადება, არჩევნების წინა დღეებში კითხვის ნიშნებს აჩენს.

ნანუაშვილის თქმით, ამან შესაძლოა საარჩევნო პროცესებზე, მინიმუმ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინოს გავლენა.

”სამწუხაროდ, არსებობს მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეებში, ე.წ. გახმაურებული საქმეების საზეიმო ვითარებაში გახსნილად გამოცხადების ფაქტები, როდესაც წლების განმავლობაში საქმე არ იძვროდა წინ. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს წარმოშობს და შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ამან შესაძლოა საარჩევნო პროცესებზე, მინიმუმ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინოს გავლენა. სასურველია, რომ საარჩევნო ველი ზოგადად ასეთი გავლენებისგან მაქსიმალურად თავისუფალი იყოს.

მეორეს მხრივ, არსებობს გამოძიების ვალდებულება, თუკი რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები ან ჩანაწერები ვრცელდება. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გარკვეული მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს თუნდაც მსგავსი საქმის გამოძიების გახმაურებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მე საუბარი მაქვს ძირითადად წინა წლებში მომხდარ, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, რასთან დაკავშირებითაც ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე? – რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, რომ საზოგადოებაზე გარკვეულმა ძალებმა სცადონ ზემოქმედება”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button