მნიშვნელოვანისიახლეები

სახელისუფლებო პარტიას აქვს მოლოდინი რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის გადაყენებას-პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიცია პასუხობს

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი? ერთი წლის შემდეგ ეს კითხვა ისევ აქტუალური გახდა – კითხვის შინაარსთან ერთად მთავარი ადრესატიც უცვლელია – საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების“ რიგით მეორე წარდგინება არჩევნებამდე შევა – არჩევნების შემდეგ კი სახელისუფლებო პარტიას აქვს მოლოდინი რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მოახერხებს სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას.
მმართველი გუნდი ამბობს რომ იმპიჩმენტს სიმბოლური ხასიათი ექნება, ვინაიდან მიმდინარე წელს პრეზიდენტს, ვადა ისედაც ეწურება. სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას“ არ პასუხობს – ოპოზიციას კი მომდევნო მოწვევის პარლამენტზე, ხელისუფლებისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს.

ამასთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აცხადებს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახლა დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას.
„ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ თავად დასრულდება 26 ოქტომბერს.
“არანაირი აზრი აღარ აქვს, “ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა ის დააინიციროს ახლა. თავად დასრულდებიან, რადგან მათი იმპიჩმენტის საკითხი არის ახლა აქტუალური და ამ იმპიჩმენტს 26 ოქტომბერს მოაწერს ქართველი ხალხი ხელს,“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის არასერიოზული მაიმუნობა.
“ეს არის არასერიოზული მაიმუნობა “ქართულ ოცნებას“ მაშინაც შეეძლო მოეხსნა სალომე ზურაბიშვილი, იმდენი ოპოზიციის მოსყიდვა შეეძლოთ რამდენიც საჭირო იყო. მოგეხსენებათ, როდესაც დასჭირდათ ქოცებს იუსტიციის საბჭოს ხალხის არჩევა მოისყიდა იქ ნაცები და გადაიყვანა. ახლა რატომ დაიწყეს ეს პროცედურა ნამდვილად არ ვიცი, მგონი სხვა ხმაურების სანაცვლოდ, რომელსაც წინასაარჩევნოდ ელოდებიან. აირჩიეს ეს რომ გადაფარონ საინფორმაციო ველი,“- აცხადებს იაგო ხვიჩია.

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის გადაყენებას, რადგან იმპიჩმენტისთვის საჭირო ასი მანდატი მას არ ექნება.
რაქვიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე შემდეგი მოწვევის პარლამენტი დროს არ დახარჯავს და ახლა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება.
ამასთან, ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ „ბუკვალური გაგებით, პრეზიდენტს არ აქვს პრემერ-მინისტრის წარდგენის უფლება იმ ფორმით, რომლითაც ის აკეთებს“.
„არც საარჩევნო კამპანიაში ვიწროპარტიული პოზიციის დაფიქსირება არ იქნებოდა სწორი, მე არ მომწონს, ეს კონსტიტუციაში რომც არ იყოს. მეორე საკითხია „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციოში მისვლა, მითუმეტეს უკვე ერთი ასეთი პროცესი იყო, ჰგავს ინფორმაციულ ხმაურს, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგშია. გასაგებია, რომ ამით არაფერი შეიცვლება. არც შემდეგი პარლამენტი დახარჯავს დროს იმპიჩმენტზე, აზრი არ ექნება ამ იმპიჩმენტს, ერთი თვე დარჩება პრეზიდენტს, სხვა პრობლემები ექნება ამ პარლამენტს. მგონი, არც პრეზიდენტი იქცევა ამ შემთხვევაში სწორად და არც „ქართული ოცნების“ აქტივობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება. „ქართულ ოცნებას“ არ ექნება 100 მანდატი არჩევნების შემდეგ. ბედნიერი იყოს, თუ 76 ექნება. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს გადაყენებას ან რამე ისეთი კოალიცია დალაგდება, რომელიც ამას იზამს. ჩვენც რომ ვიყოთ კოალიციაში, არც კი მაღელვებს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთი თვით ადრე. ბევრად სერიოზული პრობლემებია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

უნებართვო ვიზიტების გამო „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა და მოამზადონ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, “ტექნიკური მთავრობის“ იდეით, სალომე ზურაბიშვილი და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია, ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს, რომლითაც ცდილობენ კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ უკვე მთელი ქვეყანა.
“ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის ისეთი ტვირთი, რომელსაც ის ვერასდროს მოიცილებს, ისედაც განულებული პოლიტიკურად, უკვე მინუსებში გადავა.
ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ერთწლიანი ე.წ. “ტექნიკური მთავრობის“ აკვიატებული იდეით, ის და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია, ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს, რომლითაც ცდილობენ კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ უკვე მთელი ქვეყანა. ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნის კონსტიტუციასთან ამ პოლიტიკურ კლასტერს რამე ესაქმება ქართულ პოლიტიკაში?“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია გამოეხმაურა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმპიჩმენტისთვის “ქართულ ოცნებას“ შესაბამისი რესურსი არ ექნება და, ამასთან, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მცდელობა “სასაცილოა“.
“იმედიანად მაღალი ლეგიტიმაცია და მანდატები სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომ ამის ნახევარსაც ვერ აიღებს “ქართული ოცნება“, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. ზოგადად, ამ ტიპის საუბარი მათი მხრიდან სასაცილოა. რა თქმა უნდა, მომდევნო პარლამენტის პირობებში მგონია, რომ ეს საკითხი საერთოდ არ დადგება და მათ შორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებიდან ძალიან მალე, ჩვენთან იქნება საპრეზიდენტო არჩევნები,“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.

“ქართული ოცნება“, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია რუსული კანონით, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ამ ორივე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახლა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება,“ – აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მის მიმართ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლები, ორბელიანის სასახლესთან დახვდნენ, სადაც მას კითხვები დაუსვეს, თუმცა ის მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
“არაფერს“ – სწორედ ამ სიტყვით შემოიფარგლა პრეზიდენტი, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ის “ქართულ ოცნებას“.
ქვეყნის მთავარსარდალი დამატებითი კომენტარისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს.
პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება“” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს მეორედ იწყებ. მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისევ უნებართვო ვიზიტები დაასახელა. 26-ი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს – ქვეყნის უზენაესი ინსტანციის საფუძველზე კი, “ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მოახერხებს სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ხოლო მისი არჩევის სისტემა სრულიად ახალი იქნება ქართული რეალობისთვის – მას კოლეგია აირჩევს. სახელისუფლებო პარტია განმარტავს, რომ იმპიჩმენტი ვადას ყველაზე მეტი ერთი თვით შეამცირებს, თუმცა მათი პრინციპული არჩევანია სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button