საქართველოსიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორობის ორივე კანდიდატი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი: ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.

ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია, ხოლო ვალერი ლომუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.

კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა. კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა, განაცხადი 48 პირმა გააკეთა.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ამ დრომდე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button