საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეს სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 20 სექტემბერს გაიმართა უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა.

პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.გადაწყვეტილება პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული“, – განაცხადეს უზენაეს სასამართლოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button