მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება”

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას არჩევნების მოახლოების ეშინია, რადგან მათ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ.

თალაკვაძის განცხადებით, თუ 8 მარტის შეთანხმება ვერ შედგება, ეს რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის ბრალი იქნება.

„ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს, თითქოს, მმართველმა გუნდმა პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.

ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა და რადიკალურ სცენაზე ფიქრს ამბჯობინებს, რისთვისაც საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს“. – განაცხადა თალაკვაძემ.

მოისმინეთ არჩილ თალაკვაძის ხმა.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი, პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ, კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებზეც მოხდა და უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება.

მმართველი გუნდის წევრები კი, ოპოზიციას დესტრუქციულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button