მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რურუას გათავისუფლება”

“დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.” – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მან საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული.” – განაცხადა ანა ფოტიგამ.

სვენ მიქსერი

“საქართველომ ამბიციური რეფორმები გაატარა და ბევრს მიაღწია.” – ამის შესახებ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიმართვაშია აღნიშნული. მიმართვა, მისი სახელით, ევროპელმა დეპუტატმა კატი პირიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს წაიკითხა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„ეს ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მედიათავისუფლება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ახლახანს საქართველომ მთავრობასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაძაბულობის პერიოდი გამოიარა და ივნისის ბოლოს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიზანი მეტი პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა.“ – აღნიშნულია სვენ მიქსერის მიმართვაში.

ევროპარლამენტარი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს მედიაზე თანაბარი წვდომის საჭიროებას.

„საქართველოში არჩევნები ახლოვდება. მოხსენებაში ხაზგასმულია მედიათავისუფლების აუცილებლობა და ამ მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მედიაზე თანაბარი წვდომის საჭიროება. არჩევნები ტარდება ოქტომბერში და იმედი მაქვს, თუკი კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, სადამკვირვებლო მისიას ევროპის პარლამენტიც გაგზავნის.“ – აღნიშნულია ევროპარლამენტარის მიმართვაში.

სვენ მიქსერი კოვიდ 19-ის პანდემიის მიმართ საქართველოს პასუხზეც საუბრობს.

„ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს პასუხზე კოვიდ 19-ის პანდემიის მიმართ და მსურს, ხაზი გავუსვა ამ კრიზისის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამაგალითო ურთიერთობას.” – აღნიშნულია მიმართვაში.

სვენ მიქსერი საქართველოს ოკუპაციის თემასაც ეხება და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის მეხუთედი ოკუპირებულია. ასობით, ათასობით ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლია და მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება ირღვევა. საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა. ანგარიში გმობს მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებსა და „ბორდერიზაციას“, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს.“ – აღნიშნულია ევროპარლამენტარის მიმართვაში, რომლის შინაარსიც ევროპარლამენტს კატი პირიმ გააცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button