წინა საარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებზე მიუთითებს.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გამართა.
ანგარიში 2 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.
”პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ხდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ”, – ნათქვამია ნაგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები, მათივე ცნობით, პარტიების შეხვედრებზე, ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას.
”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების – პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად, პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატა. რამდენიმე შემთხვევის გარდა, შეუძლებელია ფაქტის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. აღნიშნული სახის დარღვევები პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის მასალებს შეეხო.