მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამი ოპოზიციური გაერთიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება

,,ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ,,-მდინარაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ – მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

წერილში კოალიციები აღნიშნავენ, რომ არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული “პარლამენტი” და მის მიერ არჩეული “პრეზიდენტი” ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან – დელეგაციაც, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

“მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს „საპარლამენტო“ დელეგაციის უფლებამოსილება.
„ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას. არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება. მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.

ჩვენი მოთხოვნებია:

1. ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;

2. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“, – ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან – მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.

სამი ოპოზიციური პარტიის მიერ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ფრაქციებისადმი მიმართავს, “არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება ასამბლეაში” თავად ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან.
გზავნილის მთავარი ადრესატი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები არიან.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო”.
პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი გზავნილი, რომელიც საგარეო კომუნიკაციას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.
“საგარეო კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი გზავნილი, სწორედ ასეთმა ერთიანმა კომუნიკაციამ გამოიღო შედეგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების და უვადოდ გადადების შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ წერილის მოთხოვნაც შესრულებული იქნება, რაც ეხება უფლებამოსილების არცნობას”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
მიმართვასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი, გრიგოლ გეგელია.
“ევროპის საბჭო ემყარება შესაბამის პრინციპებს, მათ შორის არის ადამიანის უფლებების დაცულობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. აქედან ყველა მათგანს არღვევს “ქართული ოცნება”, რომელიც არის ფუნდამენტურ აცდენაში ევროპის საბჭოს დებულებასთან, მთელ რიგ წესებთან და მუხლებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპის საბჭოს ვთხოვთ რომ არ მოხდეს ე.წ. დელეგაციის აღიარება”, – ამბობს გრიგოლ გეგელია.
სამი პარტიის წერილს არ შეუერთდა გიორგი გახარიას გუნდი, სადაც თქვეს, რომ მათ ევროსაბჭოში წერილი უფრო ადრე გაგზავნეს, სხვა პარტიებთან კი შეთანხმება ვერ შედგა.
“რაღაც შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი კომუნიკაცია ბევრად ეფექტურია, ასე იყო ახლაც. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ მოთხოვნით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ყველა წამყვანი ფრაქციის და ჯგუფის ხელმძღვანელს იმ მოთხოვნით, რომ მათ არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ დელეგაციას”, – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.

პარტია გახარია საქართველოსთვის მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.
“საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
პარტია “გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:
– არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
– მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
– განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
– გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ წერილი დაახლოებით 1 კვირის წინ გავგზავნეთ, უბრალოდ ტაქტიკურად არ ვახმაურებდით – მათი [დანარჩენი ოპოზიციის] წერილის ძირითადი ნაწილი ჩვენგანაა გადატანილი, პირდაპირ წინადადებებია გადატანილი. ეს პლაგიატია, მაგრამ რადგან აკადემიური ნაშრომი არაა, პლაგიატს ვერ დავარქმევთ, – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხზე წერილის თაობაზე განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, მათ წერილის საკუთარი ვერსია ოპოზიციურ პარტიებს გაუზიარეს, თუმცა ისინი ტექსტს არ დაეთანხმნენ. კითხვაზე, კონკრეტულად, რას არ ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ცქიტიშვილმა თქვა, რომ გახარიას პარტია წერილში მხოლოდ იმ საკითხებს ასახელებს, რაც ევროპის საბჭოს კომპეტენციაშია, სხვა პარტიებს კი, „ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ“.
„ჩვენი წერილი გაგზავნილია დაახლოებით 1 კვირის წინ, უბრალოდ, ტაქტიკურად არ ვახმაურებდით, რომ ცოტა ნაკლები დრო დარჩენოდა „ქართულ ოცნებას“ რეაგირებისთვის. დანარჩენებმა ეს ვერ გათვალეს.
ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, რატომღაც მათთვის მისაღები არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ დრო არ დაგვეკარგა და დაგვეწყო მუშაობა. ჩვენი ვერსია ახალ წლამდე დაიწერა. გავგზავნეთ, გავუზიარეთ, შევთავაზეთ. აღმოჩნდა, რომ დღეს რაც ვნახეთ მათი გაგზავნილი წერილი, დიდწილად ჩვენი ტექსტია, პირდაპირ გადატანილია აბზაცებიც კი. რატომღაც ვერ მოხდა შეთანხმება. არ ვიცი [რას არ ეთანხმებოდნენ]. ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დეტალური, სტრატეგიული წერილია ჩვენი. კონკრეტულად ეხმიანება მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც ცალსახად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია და მისი ფარგლებია. ანუ, კონკრეტული საკითხები, რაც ჩამოთვლილია – ინსტიტუციური სისტემის მოშლა, სახელმწიფო მკაცრი კონტროლის დამყარება ყველა საგამოძიებო ინსტიტუტზე, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები არჩევნებამდე და არჩევნების დროს გაყალბებები; არჩევნების შემდგომ დარბევები, წამება და ეს მიმართულებები; კანონები, რომელიც არჩევნებამდე იქნა მიღებული. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ამაზე უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ჩვენი წერილი და მოთხოვნა ყოფილიყო ცალსახა, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე, რომ მათი მანდატების აღიარება არ მოხდეს. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, ყველაფერი დანარჩენი შეიძლება მოვითხოვოთ, მაგრამ არ იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია. ამიტომ არ ღირდა ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ფოკუსირება უნდა ყოფილიყო იმაზე, რისი მანდატიც აქვს ევროსაბჭოს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე. 4 თუ 5 იანვარსაა გაგზავნილი, მათ დღეს გააგზავნეს. ამასთანავე დაწყებული გვაქვს კომუნიკაციაც სხვადასხვა ჯგუფთან, რათა ეს საკითხი ბოლომდე იყოს მიყვანილი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამის შესახებ გახარიას პარტიამ წერილი გაავრცელა, რომელიც ევროპის საბჭოს გაუგზავნა.
„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას: არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები; მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში; განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები; გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს სამი ოპოზიციური გაერთიანების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისადმი მიმართვაზე, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
„ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველო რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი. შეუძლებელია, სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი ჩადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას არ აკეთებენ თავიანთი ნებით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ – რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლებიც საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ეს, კიდევ ერთხელ, არის მცდელობა, რომ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში, თუმცა, ბუნებრივია, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, – ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა.
ლადო ბოჟაძე ეხმაურება სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ფრაქციებისადმი მიმართვას.
“ეს, კიდევ ერთხელ, არის მცდელობა, რომ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში, თუმცა, ბუნებრივია, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არჩევნების შედეგები არის აღიარებული, მუშაობს საქართველოს პარლამენტი, მუშაობს საქართველოს მთავრობა, ამიტომ ასეთ განცხადებებს არ მგონია, რაიმე ეფექტური შედეგი მოჰყვეს. თუმცა, ისინი რომ ამას ცდილობენ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათი მთავარი ამოცანაა ქვეყანა მოექცეს იზოლაციაში.
რაც შეეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას, ახალი არჩევნების მოთხოვნა მათთვის არის კიდევ ერთი ახალი შანსი რევოლუციის მოწყობის. ისინი ემზადებოდნენ არა 26 ოქტომბრის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მათ შორის ის აქციები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. იცით, რომ ეს აქციები მაიდანის სცენარით მიმდინარეობს და ახალი არჩევნები მათთვის იქნება არა გამარჯვების შანსი, არამედ რევოლუციის მოხდენის შანსი. ისინი მარცხდებიან არა “ქართულ ოცნებასთან,” არამედ მარცხდებიან ქართველ ხალხთან”, – აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ევროპის საბჭოს მიმართ წერილი გაავრცელა დღეს 3-მა ოპოზიციურმა ძალამაც.

„ჩვენი მოთხოვნებია: ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

მსგავსი პოსტები

Back to top button