სამი წლის შემდეგ მეტროსადგური „გოცირიძე“ გაიხსნა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში მერიის ცნობით, სადგურ “გოცირიძეზე” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მეტროსადგურები შშმ პირებისთვის ამ დრომდე არ არის ადაპტირებული. შესაბამისად, “გოცირიძის” მეტროდან სხვა მეტროსადგურებში გადასვლა მათთვის, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემად დარჩება.
მერიის ცნობით, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.
ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა.
განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. დღეიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის შესახებ:
მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია “კაიზერთან” ხელშეკრულება გააფორმა. გოცირიძე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2020 წელს დაიხურა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და ის 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,”მამისონს” შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია.
2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მამისონთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კალაძის თქმით, მეტროსადგური ექსპლუატაციაში კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ვერ შევიდა. მეტროს გახსნა მაშინ ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.