მნიშვნელოვანისიახლეები

სამინისტროსთან მიმდინარე აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით უსაფუძვლოა-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე აქცია გრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიმართულებით მიმდინარე პროცესები დეტალურად განმარტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთან მიმდინარე აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„შვიდსაათიანი შეხვედრა შედგა ამბროლაურში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად განუმარტეს პროტესტის მონაწილეებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ მათ, რომ ჩართულიყვნენ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ აქციას სამინისტროსთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი არავისთვის, მით უმეტეს ჩემთვის. ადამიანები სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს. ეს განვუცხადეთ არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს პროცესის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძალიან სწრაფად არაუგვიანეს თვის ბოლოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველანაირი წინაპირობა დღეს არის იმისი, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ მართავენ. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.

ამასთან ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ სამინისტროსგან განმარტებას, რატომ არ უშვებენ მათ უწყების ტერიტორიაზე. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ორი დღეა მათ ამის მიზეზად “არასამუშაო დღეებს” უსახელებენ.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონიერი უფლებაა პროტესტის წარმოება, საჯარო სივრცეა და აქ გადაადგილება ასევე არის ჩვენი კანონიერი უფლება. ორი დღეა იმიზეზებენ იმას, რომ არასამუშაო დღეები იყო და ამიტომ არ გვქონდა ამ კარში გავლის უფლება იმიტომ, რომ საშვი ვერ დაიშვებოდა.

ახლა ხომ არის ორშაბათი, სამუშაო დღე – გააკეთოს თვითონ სამინისტრომ განმარტება, ჩვენ შეგნებულად არ გვინდა პოლიციასთან საუბარი.

პოლიცია ჩვენთან ძალის ენით საუბრობს და არა კანონის ენით. ვეუბნებით, რომ მუხლი გვაჩვენეთ, რის საფუძველზეც არ შეგვიძლია და მუხლი არ მოაქვთ კანონის შესაბამისი, რომელიც ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, რასაც ვასახელებთ”, – განაცხადა მან.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილ რაჭის ტყის დამცველებს შეხვდა.

სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს და დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა აქციის მონაწილეების დაკავება.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს.

„პირველივე წუთიდან ჩართული ვართ და ვიკვლევთ აქციის მონაწილეების დაკავების საკითხს, ხომ არ ჰქონდა დაკავების პროცესში მათ მიმართ რაიმე ტიპის უკანონო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლები პირველივე წუთიდან მუშაობენ.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ბუნებრივია, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

აქ იმიტომ მოვედი, რომ ეს ადამიანები ითხოვენ, მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს და ამავე დროს, შესაბამისი უწყების საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. ამ ყველაფერს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, პირველივე დღიდან აკეთებს ამ ყველაფრის მონიტორინგს. ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებული არის მათ პროტესტთან, მათ შორის მათი მოთხოვნების კანონიერებასთან, ჩვენ შესაბამისი შეფასებები გვექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვართ გამოხატვის დაცვის სადარაჯოზე, მაგრამ ამავე დროს, ყველას მოვუწოდებთ, კანონი იქნას დაცული და კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით არ მოხდეს ამ მოთხოვნით სარგებლობა“,-განაცხადა იოსელიანმა.

18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით ჩამოვიდნენ. აქციის დროს შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით შსს-მ გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს.

სასამართლომ 11-ვე დაკავებული დარბაზიდან 19 ნოემბერს გაათავისუფლა, პროცესები შემდეგი კვირისთვის გადაიდო – 8 მოქალაქის სხდომა 29 ნოემბერს, ხოლო 3-ის 30 ნოემბერს ჩაინიშნა.

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა – 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა “გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო”, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიზენციის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ “დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით”.

ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button