მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზაში 8796 ადამიანია დაღუპული მათ შორის 3648 ბავშვი და 2290 ქალი

ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 8796-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზაში 8796 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 3648 ბავშვი და 2290 ქალი.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 22219 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2030 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზადან ეგვიპტეში დაშავებულები გადაიყვანეს.

ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში საცხოვრებელი ზონა უკვე მეორედ დაბომბა.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ხალხმრავალ ადგილას განხორციელდა, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა დიდი იქნება.

ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი 31 ოქტომბერსაც დაიბომბა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ არაბულ ანკლავში 8 796 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 648 ბავშვია.

1 ნოემბერს კატარში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ღაზიდან უნდა გაიყვანონ უცხოელები და მძიმედ დაჭრილი პირები.

შეთანხმება გაფორმდა ეგვიპტეს, ისრაელსა და “ჰამასს” შორის და მას წინ უძღოდა სისხლისღვრის კიდევ ერთი დღე ღაზაში – პალესტინელთა ჯანდაცვის წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის საჰაერო იერიშს ლტოლვილთა ბანაკის არეალში 50-მდე ადამიანი შეეწირა.

ისრაელმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაიღუპნენ “ჰამასის” მაღალი რანგის მეთაური და სხვა მებრძოლები.

ისრაელმა, რომლის ავიაცია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორს 7 ოქტომბრიდან ბომბავს, შეტევა 27 ოქტომბრიდან გააძლიერა ოპერაციაში სახმელეთო ძალების ჩართვით.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

ღაზის სექტორში დამატებით ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. სურსათით და მედიკამენტებით დატვირთულმა 70-მდე მანქანამ ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი გვიან საღამოს გადაკვეთა. ინფორმაციას ისრაელელი და პალესტინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.

ჰუმანიტარული დახმარება წყალს, საკვებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ეგვიპტური მხარე დაჭრილი პალესტინელის სამკურნალოდ მიიღებას დათანხმდა, ასეთი სულ 81 ადამიანია. მათ სპეციალურად აგებულ შენობებში გადაიყვანენ. როგორც CNN-ს ღაზას ალ შიფას დირექტორმა განუცხადა, პაციენტების უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button