”სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა იქ გრძელდება“-ბელგოროდში თავდასხმების გამო კრემლი შეშფოთებილია
კრემლი შეშფოთებულია ბელგოროდში არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ს განუცხადა.
„ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ ამ სიტუაციის გამო, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა იქ გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრეს-სპიკერის თქმითვე, მათ ვინმესგან, „კოლექტიური დასავლეთიდან“ დაგმობის არცერთი სიტყვა ჯერ-ჯერობით არ სმენიათ.
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა მოსკოვზე თვითმფრინავის თავდასხმის საპასუხოდ უკრაინას შურისძიებას დაჰპირდა. გარდა ამისა, კადიროვის თქმით, თავდასხმას არანაირი ტაქტიკური, სტრატეგიული ან ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს.
კადიროვის თქმით, ეს იყო “მცდელობა, მიეპყროთ ყურადღება და მოეპოვებინათ საინფორმაციო ქულები მიწაზე დიდი მარცხის შემდეგ”.
“ჩემთვის ძალიან აუცილებელია რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ამისთვის განკუთვნილი ყველა საბრძოლო რესურსის გამოყენება, რათა ამ ტერორისტული უჯრედის ერთბაშად წაშლა
უკრაინელი სამხედროების“ გამოყენების გარეშე მოხდეს”, – წერს კადიროვი თავის წერილში.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW), მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე პრეზიდენტ პუტინის საჯარო რეაქციას აფასებს იმის ნიშნად, რომ რუსეთს უკრაინის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები შეზღუდული აქვს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, პუტინმა სცადა მოსკოვზე თავდასხმის მნიშვნელობა შეემცირებინა, რათა თავიდან აეცილებინა იმის გამოაშკარავება, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედების ვარიანტები შეზღუდული აქვს.
რუსეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა უკრაინაზე წარსულ და მიმდინარე სარაკეტო დარტყმებზე, რაც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სავარაუდოდ, იყო იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ რუსეთი ზომებს ისედაც აქტიურად მიმართავს და უკრაინის შემდგომ პროვოკაციებს დამატებითი პასუხი არ სჭირდება.
30 მაისს, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი“ ცდილობს რუსეთის მოქალაქეების დაშინებას და ანალოგიურ ქმედებებზე რუსეთის ხელისუფლების პროვოცირებას მაშინ, როცა, პუტინის მტკიცებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის იარაღით უტევს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საომარი მოქმედებების წარმოებისთვის საჭირო ობიექტებს.
პუტინმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ „ორი-სამი დღის წინ“ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბს. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დამაკმაყოფილებლად იმოქმედა, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ არის.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა „ტერორისტულ შეტევად“ გამოაცხადა და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეტევაში მონაწილეობდა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
მოსკოვის მერის, სობიანინის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
რუსული ტელეგრამ-არხების და კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის თანახმად, შეტევაში 32 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა და მათ სამიზნეებს შორის იყო მოსკოვის პრესტიჟული რაიონი რუბლიოვკა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმები განხორციელდა მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვოში, პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციის მახლობლადაც.
ბელგოროდის ოლქში შებეკინოდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი განსახლების ცენტრის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
გუბერნატორმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა პასუხისმგებლობა. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა მას არ დაუსახელებია. 112-ის არხი ტელეგრამში იუწყება, რომ დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დაშავდა ორი.
ბოლო დროს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. იმ საზღვრისპირა რაიონებიდან, რომლებიც იბომბება, მოსახლეობა დროებითი განსახლების ცენტრებში გადაჰყავთ.
გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადრე აცხადებდა, რომ მას ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ შებეკინოში. მან რეგიონში ვითარებას „ფაქტობრივად ომი“ უწოდა (როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლება ამ სიტყვას ერიდება უკრაინაში საომარი მოქმედებების აღწერისას) და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რეგიონში სხვადასხვა დროს შევიდა მინიმუმ ხუთი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი.
22 მაისს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ჯავშანმანქანა შევიდა გრაივორონის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. მათ სასაზღვრო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს და გრაივორონის რაიონული ცენტრის მიმართულებით რამდენიმე სოფელი გაიარეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა რვა ადგილობრივი მცხოვრები, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეორე დღეს დივერსანტების ნაწილი განადგურდა, დანარჩენები კი „უკრაინის ტერიტორიაზე განდევნეს“.
რეიდისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“. ეს ქვედანაყოფები შედგება რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ეს ინფორმაცია.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქები რეგულარულ იბომბება. რუსეთის ხელისუფლება ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინული მხარე დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს.