სამუდამო პატიმრობა ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს

ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლომ მიიღო და რუსეთის მოქალაქე, 56 წლის ვადიმ კრასიკოვი , ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულისათვის სამუდამო პატიმრობის განაჩენს გერმანიის პროკურატურა ითხოვდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ხანგოშვილი რუსეთის სახელმწიფო უწყებების დავალებით მოკლეს.
განცხადებებს, მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ჩართულობის შესახებ, ბერლინის პროკურატურის წარმომადგენლები სასამართლო სხდომებზეც აკეთებდნენ.
გამოძიების მასალების მიხედვით, ზელიმხან ხანგოშვილს, კრასიკოვი კარგა ხანს უთვალთვალებდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, აედევნა და ბერლინის პატარა პარკში მოკლა.
შემთხვევის ადგილას, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი, პარიკი და ველოსიპედი იპოვეს, რომლითაც გამოძიების ვერსიით, მკვლელი გადაადგილდებოდა.
მკვლელობის მოტივად, ხანგოშვილის 200- 2004 წლებში, ჩეჩნეთის ომში მონაწილეობა სახელდება, რომლის დროსაც ის საველე მეთაური იყო.
ოფიციალური მოსკოვი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და მან გამოძიებასთან არცერთ ეტაპზე არ ითანამშრომლა.
შეგახსენებთ, მკვლელობა ბერლინში, 2019 წლის 23 აგვისტოს მოხდა.
ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოდან 2015 წელს, მასზე განხორცილებული თავდასხმის შემდეგ წავიდა და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
გერმანული პრესა ხშირად უსვამდა ხაზს მოკლულის კავშირს 2012 წელს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.
გერმანულ მედიაში ხშირად გამოკვეთილი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ლოპოტის სპეცოპერაციაში მომლაპარაკებლად ჩართვის დროს, ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ ჯგუფში მუშაობდა და შესაძლოა, მას საიდუმლო დავალებები ჰქონდა
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა