მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციები ოკუპანტების დახმარებისთვის-ომში მყოფი პრეზიდენტი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო კვირა პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სანქციებში მოექცევა ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება.

“ყველა მათგანი არ მოქმედებს ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ზოგი – სხვა ქვეყნებში, მაგრამ ყველა მიიღებს გლობალურ ზეწოლას. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგროვებთ სრულ მონაცემებს ყველაზე, ვინც აგრესორზე მუშაობს – პირდაპირ თუ ირიბად. თითოეული ასეთი ადამიანი დაიბლოკება და ჩვენი, უკრაინული, სანქციები ან უკვე სინქრონიზებულია, ან იქნება სინქრონიზებული თავისუფალი სამყაროს სანქციებთან.

როდესაც რუსეთმა ეს აგრესია დაიწყო, სამყაროს ისე უყურებდნენ, როგორც საკუთარ თავს სარკეში. ისინი ფიქრობდნენ, რომ თითქოს მსოფლიოში ყველა – ისეთივე ცინიკური და სავარაუდოდ – ისეთივე საზიზღარი ხალხია, როგორც რუსეთის ბატონები. მაგრამ სამყარო განსხვავებულია – სამყარო გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. და ყველა, ვინც მსოფლიოს წინააღმდეგ მიდის, მარგინალი გახდება. რუსეთი არაფერს მიიღებს და ყველაფერს დაკარგავს – მათთან ერთად, ვინც ჯერ კიდევ როგორღაც ცდილობს მის დახმარებას. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას და ახალი სანქციების პაკეტები მზადდება – კიდევ უფრო მასშტაბური”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, სანქციები დაუწესა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, რომელთა შორისაა სოლიკამსკის მეტალურგიული ქარხანა, მინსკის საავტომობილო ქარხანა, ქიმიური პროდუქტების სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი და რამდენიმე სარემონტო ქარხანა.

სანქციების სიაში მოხვდნენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები და რუსეთის რკინიგზასთან დაკავშირებული საწარმოები, ასევე ბელარუსული კომპანიები: მინსკის მექანიკური ქარხანა და ს. ვავილოვის სახელობის, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა “მონოლითი”.

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს.

კომპანიებისა და ადამიანების მიმართ შეზღუდვები დაწესებულია ათი წლის ვადით. პირთა შორის უკრაინამ შავ სიაში შეიყვანა სუდაკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სკოროხოდოვი.

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს.

მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნავს.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინულმა ძალებმა 52 Shahed-136/131-ის დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button