მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქცირებული რუსული ბანკი, VTB საქართველოდან გადის

VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს.
კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ბანკის ფილიალებს დსთ-სა და აზიის ქვეყნებში, კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში „ცოტა სხვა ვითარებაა.“

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ანგარიშსწორებისთვის ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში“, – განაცხადა კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

რუსული ბანკის საქმიანობაზე სანქციების გავლენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ბევრი რამ მტკივნეულია“.

„ჩვენ არ გაგვითვლია სანქციების ყველა შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არის მთავარი შედეგი: სანამ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ვფიქრობ, რომ შევძლებთ გაგრძელებას“, – თქვა კოსტინმა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მისი თქმით, VTB ბანკი რჩება აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც ეროვნულ და ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედებას ხელს შეუწყობს.

„ამ ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის პერსპექტივას ვხედავთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტით განხორციელებული ანგარიშსწორებისთვის ძირითადი ბანკი ვიყო“, – აცხადებს კოსტინი.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა “ვითიბი ბანკიც“.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვითიბის“ (ასევე მთლიანად საფინანსო სექტორს) სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება მისცა. მალევე ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა. როგორც მაშინ სებ-ში აცხადებდნენ, “ვითიბი ბანკ საქართველოსა” და სს “ლიბერთი ბანკს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს “ლიბერთი ბანკში” გადავა“.

მიმართა თუ არა უკვე VTB-მ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსი“ სებ-ს დაუკავშირდა და პასუხს ელოდება, ინფორმაციას მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button