მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საოკუპაციო ძალებმა უკრაინის 7 რეგიონი დაბომბეს

ომის 134-ე დღე

უკრაინაში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის 7 რეგიონი დაბომბეს, აქედან 28 საარტილერიო დარტყმა მიიღო დონეცკის ოლქმა, დაბომბვის შედეგად ათეულობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი განადგურდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.

დაიბომბა ოდესის ოლქიც, გამთენიისას ფრთოსანი რაკეტები მოფრინდა განთავისუფლებულ კუნძულ ზმეინიზე და იზმაილის რაიონში.

გარდა ამისა უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ავიაციით სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ რაიონზე. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში ქალაქ სლავიანსკზე. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ქალაქის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე ქუჩებში სიარულისგან თავი შეიკავონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებაზეც, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მიაღწიონ დონეცკის რეგიონის გეოგრაფიულ საზღვრებს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები შეეცდებიან შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ზაპოროჟიეს მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას.

ცნობისთვის სამი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა ხარკოვზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეჰ სინეგუბოვმა.

პირველად ცნობებში ლაპარაკი იყო 3 დაჭრილზე. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ ხარკოვზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საშუალებით მიიტანა.

“ჩვენ ვთხოვთ ხარკოვის მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ნუ იქნებიან ქალაქის ქუჩებში ზედმეტად. მტერი მზაკვრულად გვიტევს, ურტყამს საცხოვრებელ ადგილებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”, – წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხში.

4 ივლისის მონაცემებით, გაერომ დაადასტურა, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში 4,889-ი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6,263-ი დაშავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ამავე დროს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მისივე თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა 6 შენობა, მათ შორის სასტუმრო და საცხოვრებელი, მრავალსართულიანი სახლი. კრამატორსკის ცენტრში ამ ეტაოპზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა ძალებმა მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიები დაბომბეს.

“ბერეზნეჰუვატეს დასახლების საკონტაქტო ხაზის გასწვრივ სოფლების დაბომბვა მოხდა,” – აცხადებენ რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღეებში რუსული ძალების სამიზნეს მდინარე დნიპროს შესართავთან მდებარე რამდენიმე ქალაქი და სოფელი წარმოადგენდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ინტენსიურმა ბრძოლებმა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ხერსონში ხანძარი გააჩინა.

“ბევრ დასახლებულ პუნქტში მეხუთე თვეა წყალი და დენი არ არის, ამიტომ ხანძრის ჩაქრობა რთულდება,” – თქვეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა

კიევი ვარაუდობს, რომ რუსული არმიის სამიზნე არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, არამედ ის ხორბალიც, რომელიც ჯერ ვერ მოიპარა. რუსულმა რაკეტამ ოდესის ერთ-ერთ საწყობში 35 ტონა ხორბალი გაანადგურა, ოკუპანტები მიზანმიმართულად წვავენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც, რითაც კიდევ უფრო უწყობენ ხელს სასურსათო კრიზისის შექმნას.

უკრაინის შავ ზღვისპირეთში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს რუსული სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც 55 კალიბრის ტიპის რაკეტით არიან აღჭურვილები.

ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში “კალიბრის” ტიპის რაკეტების სამი გადამზიდი ხომალდი და ორი წყალქვეშა ნავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.

ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა კი ისევ დონბასია. ოკუპანტმა ქვეყანამ, სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რეგიონის რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

რაც შეეხება ლუჰანსკის ოლქს, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს ლუჰანსკის ოლქის 100% არ აქვს ოკუპირებული და ქალაქ ლისიჩანსკის შემოგარენში ცდილობენ უკრაინული ძალები პოზიციების შენარჩუნებას. გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის დაძლევას და ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას.

ახლა უფრო დიდ მასშტაბში ვნახოთ რა ხდება ფრონტის ხაზზე. ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან, რუსულმა ძალებმა დაბლოკეს ყველა საშუალება და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ იღებს რეალურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის პოტენციალზე – ამის შესახებ ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით.

ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის სამხრეთით მდებარე მიკოლაივის რეგიონის დაბომბვას. რეგიონში დასახლებები დაიბომბა. გასული 24 საათის განმავლობაში მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ახლა საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. ასეთია უკრაინაში არსებული მდგომარეობა ომის 134-ე დღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button