მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საპატრიარქო ძამის ხეობაში 5,4 მლნ კვ.მ. ფართობს ითხოვს

საპატრიარქო ძამის ხეობაში 5 მლნ 432 009 კვ.მ. ფართობ მიწას ითხოვს. ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს.

ტყის ფონდზე ,,ზედდების” გამო, საჯარო რეესტრმა საქართველოს საპატრიარქოს მდივან მიქაელ ბოტკოველს 42 განცხადება არ დაუკმაყოფილა. მან საჯარო რეესტრს დოკუმენტები, მათ შორის, ნახაზები 2018-2019 წლებში წარუდგინა. ეს ნახაზები რეესტრმა დაიწუნა.

რაც შეეხება საკუთრებას, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს საპატრიარქო ძამის ხეობაში 450 100 ჰა ფართობს ფლობს.

ამას გარდა, როგორც რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი ამბობს, საპატრიარქო კერძო პირებზე გაფორმებულ სათიბებსა და ტყის ფართობებს ფლობს. ეს კერძო პირები არიან საბა ჟღენტი და გიორგი კორინთელი. მათ კერძო საკუთრებაში 1,6 მლნ კვ.მ. ფართობია.

მონაცემებს თუ შევადარებთ, საბოლოო ციფრები ასე გამოიყურება:

1. ეკლესიის საკუთრებაშია: 450 100 კვ.მ.

2. მღვდლების კერძო საკუთრებაშია – 1 615 000 კვ.მ

3. უარი კერძო საკუთრებაზე – 5 432 009 კვ.მ

საჯარო რეესტრის არგუმენტი შემდეგია: მოთხოვნილი მიწის ფართობები არ მდებარეობს როგორც ძველი ტაძრების, ასევე ახლადაშენებული ეკლესიების ტერიტორიებზე. მოიცავს ტყის მასივს. მოძიებულ დოკუმენტებში ვნახეთ, რომ ნახაზები მოიცავს ასევე სოფლებს, სადაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე ოსები ცხოვრობდნენ და კონფლიქტის შედეგად, საქართველო დატოვეს.

2018 წლიდან დღემდე, ქარელის საჯარო რეესტრის განყოფილებაში პატრიარქის მდივნის წერილები 3 ეტაპად შევიდა. მიქაელ ბოტკოველს და მის იურისტს რეგისტრაციაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ნახაზები არასწორად იყო შედგენილი და ტყის ფონდს მოიცავდა.

თითოეულ ფართობზე, რომელზეც საპატრიარქომ უარი მიიღო, ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს საკუთარი შენიშვნები აქვს გაკეთებული. მერის წერილებით ირკვევა, რომ საპატრიარქოს მდივნის მიერ წარდგენილი ნახაზები აცდენილია იმ ნახაზებს, რომელიც სახელმწიფომ ოფიციალურად მოამზადა და რომელიც ქარელის მერიაში ინახება.

ქარელის მერიცა და საჯარო რეესტრის წარმომადგენელიც, საპატრიარქოს წარმომადგენელს წერილობით უხსნიან, რომ 2002 წლის კონკორდატის მიხედვით, ეკლესიას მხოლოდ ის ადგილი ეკუთვნის, რომელზეც ტაძრები დგას ან ტაძრის ნაცვლად, ნანგრევებია.

რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იობი ამბობს, რომ ძამის ხეობაში ,,ბერების რესპუბლიკა“ ჩამოყალიბდება. ბერების რესპუბლიკაში სასულიერო პირები იმ წესით ცხოვრობენ, როგორც ეს საბერძნეთში, ათონის მთაზეა.

დიდ თუ მცირეზომიანი ეკლესიების გვერდით, ბერების საცხოვრებელი კელიები შენდება. მიტროპოლიტს სურს, რომ ასეთი საცხოვრისები მთელ ხეობაში იყოს. ტყემლოვანა, ორხევი, ქვათეთრი, ძამა, წიფლოვანა და ა.შ. – ეს ის სოფლებია, რომელზეც საპატრიარქოს წარმომადგენლებს წინააღმდეგობას არავინ უწევს, რადგან ამ სოფლებში აღარავინ ცხოვრობს.

ჯერ კიდევ 1961 წელს ეთნოგრაფი სერგი მაკალათია წერდა, რომ ზემოჩამოთვლილ სოფლებში ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. ამ ადამიანებმა საქართველოს ტერიტორია, ძირითადად, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დატოვეს, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი იყო.

ცვლილებები ტყის კოდექსში

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს მიეცა ახალი პრივილეგიები და ექსკლუზიური უფლება, საკუთრებით მიიღოს საქართველოს ტყეები.

პარლამენტმა კანონის პროექტს მესამე მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირა. პროექტი დეპუტატებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო ტყის გადაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

“გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაეცეს სახელმწიფო ტყე სხვა სსიპ-ებს, მაგალითად უნივერსიტეტებს, სპორტულ ფედერაციებს ან სხვა რელიგიურ კონფესიებს. ამ მუხლის ასეთი სახით მიღება მომავალში შესაძლებელია, საკონსტიტუციო სარჩელების საფუძველი გახდეს. არ არის ახსნილი ან საკითხთან დაკავშირებული დეტალური განმარტებები, მათი დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო შეთანხმებასთან.” – აღნიშნულია “მწვანე ალტერნატივის” განცხადებაში.

კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა ის ტყეები, რომელიც ამჟამად მიჩენის წესით არის გადაცემული. ასევე გადაეცემა ეკლესია-მონასტრების გარშემო არსებული 20 ჰექტარამდე ფართობები.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button