მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიციიდან

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობენ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ თავს მაჟორიტარულ ოლქებში უკვე მოიაზრებს.

გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა სავარაუდოდ, თბილისში დასახელდება: „ვაპირებ მაჟორიტარობას.. სავარაუდოდ, თბილისში !!“

გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, რომელმაც საპყრობილე სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, მაჟორიტარობას არ გამორიცხავს: „ლოგიკურია, რომ ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ჯერ ვერ ვიტყვი. სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები“.

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მაჟორიტარი კანდიდატი იქნება თბილისში, კერძოდ, ვაკის რაიონში: „თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, თბილისი იქნება აუცილებლად და იქნება ვაკე. იქ დავიბადე და იქ გავიზარდე და ვერ წარმომიდგენია, სხვაგან რატომ უნდა ვიყარო კენჭი.“

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ ის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება სამეგრელოში ან თბილისში: „მე განვიხილავ თბილისში ერთ-ერთ ოლქს და დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს. იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩემი მხრიდან, თუ გვეყოლება ძლიერი კანდიდატი თბილისის იმ ოლქში და ანგარიშგასაწევი, სადაც მე ვთვლი, რომ შეიძლება მქონდეს მაღალი შანსები.“

ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს გორში: „არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ“.

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება: „მე თუ მკითხავთ, ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ვინმეს ხელს შევუშლი, პრობლემა არ იქნება, მხარს დავუჭერ საერთო მიზანს. თბილისი თუ დუშეთი, – ეს უკვე აღარ ვიცი“.

დავით ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტია“ოპოზიციური ერთობის წევრია და საერთო მაჟორიტარი კანდიდატების მომხრეა. დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავად იყოს მაჟორიტარი კანდიდატი: „ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ არც არაფერს გამოვრიცხავ“.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველოში“ არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იყოს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათგან მხოლოდ ერთი კანდიდატი წარმოდგენილი არ იქნება.

რაც შეეხება პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევენებში მაჟორიტარ კანდიდატებს დამოუკიდებლად დააკომპლექტებს, თუმცა რიგ ოლქებში კოორდინაციას არ გამორიცხავს.

„ჩვენ, როგორც ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რაც გულისხმობს არა მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, არამედ მაჟორიტარული ნაწილითაც არჩევნებს. მაგრამ იმისდამიხედვით, როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება, ჩვენ მზად ვართ კოორდინაციისათვის, მაგრამ ეს არ გულისხმობს უცილობლად 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კოორდინაციას”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია საერთო მაჟორიტარების დაყენებას აანონსებს. უკვე ცნობილია სავარაუდო რუკა, თუ როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოს მასშტაბით.

30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი, აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button