მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრიარქო მრევლის გარეშე ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს. როგორც ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არ გაკეთდება.

„ჩვენთან ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და არც მგონია გაკეთდეს. მრევლს, ვინც მოვა, მიეცა კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქედან იყოს ჩართული ამ მსახურებაში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზის თქმით, ასევე შესაძლებელია, მოხდეს მრევლის ზიარება ტაძრის გარეთ.

„შესაძლებელია გარეთ მოხდეს ზიარებაც. ბევრ ტაძარში უკვე ასეთი მსახურება იყო. ძღვენი გამოაბრძანეს გარეთ და იქ აზიარეს მრევლი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, იგივე მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ხარების დღესასწაულთან დაკავშირებითაც.

“ერთი და ორი კვირით ადრე გვიჭირს პროგნოზის გაკეთება. როგორც შეიცვლება ვითარება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთანავე, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას.

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დღესვე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს ტაძარში შეკრება-გადაადგილებით, კომენდანტის საათის წესი დაირღვევა.

“რა თქმა უნდა დაირღვევა კომენდანტის საათი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, ეს იქნება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში და რა თქმა უნდა, თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე,” – ამბობს ცქიტიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button