მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“საფრთხილო” და უკონტროლო შეზლონგები პლაჟზე

ბათუმის ბულვარში, სასტუმრო შერატონის წინ არსებულ პლაჟზე უკვე ერთი კვირაა შეზლონგები აქვთ გამოტანილი და აქირავებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ რეგულაციაზე, რომლითაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებმა უნდა იხელმძღვანელონ.

მოქალაქეები ყვებიან, რომ შეზლონგის აღებამდე გამქირავებელი მას დეზინფექციას უტარებს. რაც შეეხება ფასს, შეზლონგის ერთი საათით ქირაობა 4 ლარი ღირს.

ახალი რეგულაციების შემუშავებაში ჩართულები იყვნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ბულვარის თანამშრომლები. ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებულ აუქციონს, რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებენ.

”დღეის მდგომარეობით, შეზლონგების განთავსებაზე არ გვაქვს აუქციონები გამოცხადებული. როგორც კი მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, გამოვაცხადებთ. შეზლონგები 15 ივნისისათვის ვერ მოესწრება, რადგან აუქციონი უნდა შედგეს, მას 7 დღე მაინც სჭირდება. დაახლოებით თვის ბოლოს შეზლონგები ალბათ იქნება, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.” – აცხადებს ბულვარის დირექტორი.

პლაჟის ერთ-ერთი მოიჯარე ამბობს, რომ ის წესებს იცავს, შეზლონგებს დეზინფექციას უტარებს და ასევე დაცულია დისტანცირების მოთხოვნაც.

კითხვაზე, რა რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, როცა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაცია ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, ირაკლი არ პასუხობს. ასევე არ უპასუხა კითხვას, რომელი უწყებისგან აიღო მუშაობის ნებართვა ან იყო თუ არა საკითხი რომელიმე სამსახურთან შეთანხმებული. მოგვიანებით კი, აღარც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ პლაჟებზე კონტროლი ჯერ მათი სამსახურების ფუნქციაში არ გადასულა. სავარაუდოდ, რეგულაციების მონიტორინგი ბათუმის ბულვარს, შრომის ინსპექციას და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალება.

ვიდრე მონიტორინგის სამსახურები ამოქმედდება, წინასწარი რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასცა. მისი განცხადებით, შეზლონგები გამოყენების შემდეგ სველი წესით დამუშავდეს და დამსვენებლებმა ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი უნდა გამოიყენონ.

“კორონავირუსის წყლით გადადება არ ხდება, იქ საფრთხილოა ზედაპირი, მათ შორის შეზლონგები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ინფიცირებულმა ადამიანმა. შეზლონგები ხმარების შემდეგ კარგად, სველი წესით უნდა დამუშავდეს.

“ამასთან, იქნება ეს აუზი თუ ზღვა, შესაბამისმა მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტვ “პირველის” ეთერში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button