რეგიონისაქართველოსიახლეები

საპროტესტო აქცია მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. „რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, დაახლოებით 5 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათგან დახმარებას ითხოვენ.

– გვეუბნებიან, დაჯექი სახლში, როდემდე? ყველას სესხები გვაქვს.

– კვირაში ერთხელ მოდიან, ვითომ რეალიზაცია არის, მაგრამ სად არის?

– ხალხს პურის ფული არ აქვს, ბანკების ვალებს რა ვუყოთ?

ამბობენ აქციის მონაწილეები.

მარნეულში გამართულ აქციას პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აქციას მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ.

„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button