საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა (2000 ლარი) 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას, შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც აჯამებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ ხარვეზებსა და მის წინააღმდეგობებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა.
„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან (პირის გასინჯვა, დაკავება) დაკავშირებულ საკითხებს. ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა,- აღნიშნულია ანგარიშში.
სამოქალაქო აქტივისტი ელენე ქაიხოსროშვილი სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების მიტანასთან დაკავშირებით საინფორმაციო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაჯარიმებულების მიერ მასიური გასაჩივრების ტაქტიკამ შედეგი გამოიღო და სისტემა გაიჭედა, შემდეგ შსს-მ 3 თვემდე გაზარდა მათი განხილვის ვადა.
ელენე ქაიხოსროშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ჯარიმების გამო არ შეეშინდეთ პროტესტის გამოხატვა, რადგან ამ ჯარიმის გასაჩივრებისთვის ადვოკატები უსასყიდლოდ მუშაობენ, ხოლო სხვადასხვა ფონდები მათ ფარავენ
“ჯარიმები რომ სახლში მოაქვთ, ეს ცვლილება შეიტანეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაკაკუნება შეძლებოდათ ჩვენ ბინებში და შევეშინებინეთ.
სინამდვილეში, შეიტენეს უდიდესი ბიუროკრატია, ამით გაიზარდა:
ჯარიმების ძალაში შესვლის დრო. ჯერ 10 დღე გვაქ გასაჩივრების, შემდეგ შსს-მ 3 თვემდე გაზარდა მათი განხილვის ვადა, იმიტომ რომ საჩივრების ცუნამი წავიდა მათთან, და ამის შემდეგ, კიდევ სასამართლოში წავა ეს საჩივრები და ისინიც თავიდან გაიჭედებიან თვეობით.
ჯერ იმ შაბლონურ წერილებსაც ვერ აგზავნიან ყველასთან, რომ 1 თვიან ვადაში ვერ ეტევიან და 3 თვემდე გაზარდეს ვადა. მხოლოდ პირადი ნომერი და ოქმის ნომერი უნდა ჩააქოფიფეისთონ ამ შაბლონურ წერილებში და მაგასაც ვერ შვრებიან. ვიცი. ველაპარაკე შსს-ში ჩემი საჩივრის განმხილველს და თავად მითხრა, რომ ჯერ ამ წერილებს ვერ აუდიან. ანუ, უბრალოდ დასტურს, რომ ჩვენი საჩივრები მიღებულია. ჩაწვნენ.
ამის მერე ეს საჩივრები წავა სასამართლოში და გადახდის ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ გვაქვს, რაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ვინც საკითხში ერკვევა, ამბობს, რომ წლის ბოლომდე გაიწელება ეს ყველაფერი. წლის ბოლომდე.
ანუ, რომ მოვლენ ჯარიმაზე, კარის გაღების ვალდებულებაც არ გაქვთ. შეგიძლიათ, შსს-დან გამოითხოვოთ ჯარიმა და იმის საჩივარი დააწერინოთ ადვოკატს, რომელიც ბევრი გვყავს და უსასყიდლოდ.
ოდესმე (სადღაც 3-5 თვეში, იქამდე ან გაქაჩავენ, ან – ვერ) რომ პროცესი ჩაგენიშნებათ, იქაც უსასყიდლოდ მოგემსახურებათ ადვოკატი და პროცესზე შეგიძლიათ უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ, თუ არ გინდათ.
სასამართლო რომ დაგაკისრებთ ჯარიმას, არსებობენ ფონდები, რომლებიც ამას აანაზღაურებს.
განძრევა არ გიწევთ ამ ჯარიმებისთვის. განძრევა. ყველაფერს გიკეთებენ უანგაროდ მომუშავე ადვოკატები და ფონდები. ფონდებში ფული რომ აღარ არის, ეს ტყუილი ჟღერდება ხოლმე შიგადაშიგ და იცოდეთ. ხაზზე ვართ ფონდებთან, რა თქმა უნდა. ფული არის და იქნება!
რობოკოპებთან გამოდიოდით და ჯარიმების გამო თავს იკავებთ? არ არის ეგ არანაირი excuse. არანაირი. ჩემ ჯარიმას ჩარჩოში ვსვამ და ვიკიდებ კედელზე, ჩვენი პროტესტის სიჯიუტის სამახსოვრო სიმბოლოდ!
ვიმეორებ, თქვენ არ წერთ არც საჩივარს, პროცესზეც არ იღებთ ხმას. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უდებილესი თანამშრომლების და სასამართლოს გასაკეთებელია ეს მთელი ბიუროკრატია, თორემ, ჩვენ ადვოკატებს ეამაყებათ და ეხალისებათ ჩვენი დაცვა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განძრევა არ გიწევთ, ისე ჩაივლის თქვენი დაჯარიმება.
კიიიიიდევ ერთხელ, ყველამ ერთად: გაანძრევა არ გვიწევს! განძრევა! კარსაც ნუ გააღებთ, თუ არ გინდათ, საჩივარს არ დაწერთ, პროცესზე იდებით და ხმას არ ამოიღებთ, თუ გინდათ.
და ეს ყველაფერი გაიწელება მრავალი თვის განმავლობაში.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ: განძრევა არ გიწევთ ჯარიმებისთვის!
გამოდით…
ანუ, მაგ ჯარიმის გადახდის დრო საერთოდ მოვა თუ არა, არ ვიცით და როცა მოვა, არც გემახსოვრებათ ეს სტრესი, გპირდებით,” – წერს ელენე ქაიხოსროშვილი.
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.
„დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს.
შესაბამისად, თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც კიდევ 2 თვით გადაიდება“, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, თებერვლის თვეში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი სამართალდარღვევები შსს-ს განსჯადი გახდა. საქმე სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ამასთან, პოლიციის მიერ ჯარიმადაკისრებულ მოქალაქეს საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს, რაც ოქმის მოქმედებას აჩერებს.