საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, – ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
„კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება და ტურნირზე ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ლასლო ტოთისთან შეხვედრისას სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ევროპის ჩემპიონატს სათანადოდ უმასპინძლოს. შალვა გოგოლაძის თქმით, კონტინენტის პირველობის თბილისში ჩატარება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება როგორც ქართული სპორტის, ასევე ქვეყნის პოპულარობაზე.