საქართველო CAREC-ის მე-11 სრულუფლებიანი წევრი გახდა

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალზე, საქართველო CAREC-ის მე-11 სრულუფლებიანი წევრი გახდა.

მინისტერიალი 25-26 ოქტომბერს ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ამავე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ მიიღეს.

მოხსენებით გამოსვლისას, გენადი არველაძემ CAREC-ის წევრ ქვეყნებს და აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო მინისტრთა დახურულ სხდომაში, რომელზეც CAREC-ის სტრატეგიის განახლების საკითხი განიხილეს.

ქართულმა მხარემ სხდომაზე წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოს მხარის ინიციატივები ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. საუბარი შეეხო წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარებაზე, ვაჭრობისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების საკითხებზე.

2015 წლიდან საქართველო CAREC-ში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს.

ამ ეტპზე პროგრამაში გაწევრიანებულია 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი.
CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, როგორიცაა,,ახალი აბრეშუმის გზა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button