საქართველო ევროპასთან კვლავ სავიზო რეჟიმში რჩება
დღეს, 22 მაისის, რიგაში სამუშაო შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველომ ევროკავშირისგან თანხმობავერ მიიღო, რადგან გარკვეული ვალდებულებების ნუსხა საქართველოს მხარეს კვლავ შესასრულებელი აქვს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და პროგრამის მონაწილე სახელმწიფო მეთაურებმა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაასრულეს.
30 პუნქტიან დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მოუთმენლად ელის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ბოლომდე შესრულებას.
საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია.
” მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისთვის მყარი საფუძველი არსებობს” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასასრულებლად ვადა 2015 წლის ბოლომდე აქვს.
ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” რიგის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე უთანხმოება გამოიწვია საბოლოო დეკლარაციაში ჩაწერილმა ფორმულირებებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსების შესახებ.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამიტის დასასრულს, ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებისას, ბუნებრივია, რომ მხარეებს ემოციები ამოძრავებთ, მათ რეგიონში არსებული რთული ვითარების გამო. ექსპერტთა შეფასებით, საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ საბოლოო დეკლარაციაში შეიტანეს ფრაზა, რომლის მიხედვით ევროკავშირი „ცნობს თავისი პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს“.