საქართველო მხარს უჭერს ალიანსის გადაწყვეტილებას
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით საქართველოს მთავრობა მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას სამხედრო აქტივობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ითვალისწინებს.
„ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. გუშინ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.
ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევე ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრამა.
ჯანელიძის განცხადებით, ნატოს სამხედრო ძალების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში მისასალმებელია და საქართველოს მთვრობა მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.