მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით-ოცნება უკრაინის ომის 2 წლისთავზე

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” – ზე გამოქვეყნდა.
უწყების განცხადებით, ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა.
„საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.
,,ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა.
უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში.
სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით.
ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.
გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ, ვისაც შესწევს ძალა, გავლენა იქონიონ ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
“ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!, – აღნიშნავს პრემიერი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიას, ვფიქრობ, რომ ახსნა და არგუმენტაცია არ გააჩნია. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება გამართლებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მთელმა კაცობრიობამ იზრუნოს იმაზე, რომ მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და აღდგეს სამართლიანობა.
„არ შეიძლება იყოს შეწყნარებული ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარულად მხარში დგომა და ყველა დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ჩვენ ავხსენით ისიც, რომ მაგალითად, ისეთი რადიკალური ზომების მიღებისგან, როგორიც არის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების დაწესება, რასაც შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს საქართველოზე, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმიტომ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დევს სასწორზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! ამით გარისკვის უფლება ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გვაქვს. ეს არის მთავარი, რაც, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეს და კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციის გამოკლებით და უნდა ესმოდეს, რა თქმა უნდა, უკრაინას და მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button