მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის ორი წლის თავზე კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
„პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, – წერს ბორის ჯონსონი X-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე კიევში ჩავიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე თავად ლეიენი ავრცელებს.ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. მანამ, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება,” – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მან ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თებერვალში, ევროკავშირმა, უკრაინის დახმარების მიზნით, 50 მილიარდი ევრო გამოყო და რუსული გაყინული აქტივების გადაცემასაც გეგმავს.

უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის – იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები.ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ი იტალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ 23 თებერვალს ღამით, მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ.
24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას კიევიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერი ქვეყანას 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვებსაც დაჰპირდა, რომელიც ნაწილია 2.5-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტისა, რომელსაც გასულ თვეს ხელმოწერილი უსაფრთხოების ახალი შეთანხმება ითვალისწინებს.
„დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე“, – განაცხადა სუნაკმა.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავს ეხმაურება.
როგორც გუტიერეში აღნიშნავს, უკრაინის ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის გულში.
“ორი წლის შემდეგ – და ათწლეულის შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობა მოხდა – უკრაინის ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის გულში. ქარტიის უგულებელყოფა იყო პრობლემა. მისი პატივისცემა არის გამოსავალი. ეს ნიშნავს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დროა, ხელახლა მივიღოთ ქარტია და აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს არის გზა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ – უკრაინასა და მთელ მსოფლიოში,” – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშიმ.

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა – მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.
„ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
“731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს,” – აცხადებს ბერბოკი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ლიდერები უკრაინას ომში დახმარებას ჰპირდებიან და გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ისინი ომზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებენ რუსეთის ფედერაციას და მის ლიდერებს.
“ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერი და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი და ხალხი, საკუთარი ქალაქები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი…ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები ევროკავშირის დონეზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების გასაზრდელად და გავაგრძელებთ შესაძლებლობების გაზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან, ამავდროულად, განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ევროპული სუვერენიტეტი” – წერია განცხადებაში
ამასთან, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. სანქცირებულთა სიაში 106 ფიზიკური პირი და 88 კომპანია მოხვდა, მათ შორის, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და და ტაილანდიდან.
სანქციები ძირითადად სამხედრო და თავდაცვით სექტორებსა და მათთან დაკავშირებული ინდივიდებს შეეხოთ. მათ შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებლები.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთის პოზიციის გამო ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. POLITICO-ს ცნობით, უნგრეთმა ტექსტი დაბლოკა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ განცხადების გარკვეულ ფორმულირებებს არ ეთანხმებოდა. საჭირო გახდა ფორმატის შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია” იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.
ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზეც უკრაინა და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, პირველივე დღეებიდან მოექცა მსოფლიიოს ყურადღების ცენტრში. 2 წლის თავზეც, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს და ცდილობს, წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button