,,საქართველო რუსეთი არაა,,-სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება-პრეზიდენტი

კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ომი უკრაინაში, არჩევნები რუსეთსა და აშშ-ში, ნავალნის გარდაცვალება და პარალელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან. ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა “ბლუმბერგთან” ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შედარება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა, რომ მხოლოდ „ჰუმანიტარული თვალსაზრისით“. ამის შესახებ მან Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.
“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, X-ით დაადასტურა ალექსეი ნავალნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს“. ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
“პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა”, – წერია ფეისბუკპოსტში.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.