საქართველო რუსეთისგან 70 მილიონ ევროს მოითხოვს
70 მილიონ 320 ათას ევროს ითხოვს საქართველო რუსეთისაგან 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის საკომპენსაციოდ. ზუსტად ერთი წლის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში და მხარეებს დაავალა 12 თვის განმავლობაში მოლაპარაკების გზით განესაზღვრათ საკომპენსაციო თანხის ოდენობა. მოლაპარაკების ვადა 3 ივლისს ამოიწურა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წელს რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, 2 ივლისს სამინისტრომ, გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ ერთი წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის მხარე კომპენსაციის ოდენობაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა:
„ვინაიდან საქართველოს არ აქვს რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები, კონკრეტულად რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა და საქართველომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ მიმართა უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს და შესთავაზა შუამავლობა აღნიშნულ საკითხში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იყო, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა, თუ მხარეები წარადგენდნენ თავიანთ პოზიციებს“.
საქართველომ თავისი პოზიცია შეიმუშავა და 70 მილიონ 320 ათასი ევროს ოდენობით საკომპენსაციო თანხის მოთხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „უცნობია, რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტაცია. ამას შევიტყობთ მას შემდგ, რაც სტრასბურგის სასამართლო მხარეებს ერთმანეთის პოზიციას გააცნობს“.
რადიო თავისუფლების მასალები