მნიშვნელოვანისიახლეები

მცხეთის საქალაქო სასამართლოში ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთი ადამიანი განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის, 7 კი ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული.

პროკურორმა დაბადების დღის წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი.

მისივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დავით ჯიჯეიშვილი, დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.

„როგორც ცნობილია, სასამართლომ რვავე ბრალდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება და მათ პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქმეზე ნებისმიერი მათგანის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს“,-განაცხადა პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს.

„კონფლიქტი დაიწყო მხარის გაკვრით, რის შემდეგაც ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. შემდეგ უკვე გარდაცვლილს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის გაგრძელდა ეს კონფლიქტი ეზოს გარეთ, ქუჩაში, სადაც მკვლელობა მოხდა“,- განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტს მოწმე შეესწრო, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინ არის მოწმე.

„საქმის მასალებით და ადამიანების დაკითხვით ჩანს, რომ იყვნენ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი შეესწრო ფაქტს, იქ იმყოფებოდა იმ დროს და სხვადასხვა მოვლენებს აღწერს. რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს, ბრალდებულიც აღიარებს ამ ყველაფერს“,-განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ვინც საქმეზე ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული, ყველა ჩხუბობდა. როგორც პროკურორი განმარტავს, ეს საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

„ვიდეოკამარები არ იყო, თუმცა არის მოწმეთა ჩვენებები, ვინც ადასტურებს ფაქტს, რომ ეს ადამიანები ჩხუბობდნენ. რაც შეეხება უფლებადამცველების განცხადებებს, ბუნებრივია, ისინი სხვა რამეს არც იტყოდნენ. მთავარი მტკიცებულება არის ჩვენებები და დაზიანებები, ექსპერტიზები“,-განაცხადა პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის განმარტებით, წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის გარდა, 30 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გამოიკითხა. პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კონკრეტულად, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

“დაახლოებით, ღამის 02:10 საათზე, დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი, მირიან კუკავა ( გარდაცვლილი ახალგაზრდა ) შემთხვევით მიეჯახა მხარზე. ამ უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ, მის მეგობრებთან ერთად, დავით ჯიჯეიშვილთან (მკვლელობაში ბრალდებული ) და გიორგი კუჭავასთან ერთად, დაიწყო გინება აგარაკის ტერიტორიაზე მყოფი სტუმრების მისამართით – სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს მირიან კუკავას და მის მეგობრებს.

აღწერილი ქმედებებით დაპირისპირებული მხარეები გამოხატავდნენ აგრესიას, მასპინძლებისა და მოწვეული სტუმრების მიმართ, აშკარა უპატივცემლობას. უფრო მეტიც, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასამშვიდობებლად მისულ სხვა სტუმრებს, ასევე წვეულების მასპინძლებს და ფაქტიურად ჩაშალეს დაბადების დღის ღონისძიება. მიუხედავად მასპინძლის არაერთი მოწოდებისა, ზემოთხსენებული პირები აგრძელებდნენ ხულიგნობას, მათ შორის დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულიგნურ ქმედებებს და ეს ხულიგნური ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე”, – თქვა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილიმა.

დავით ჯიჯეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული: განზრახ მკვლელობისთვის (108-ე მუხლით) და დანით ჩადენილი ჯგუფური ხულიგნობისთვის (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით). მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;

ხუთი ადამიანი დაკავებულია ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით). მათ ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა;

ორ ადამიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (370-ე მუხლის მესამე ნაწილით) და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (376-ე მუხლის პირველი ნაწილით). მათ სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა, – ამის შესახებ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ.

„29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა“, – განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.

ბრალდებულის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს.

„მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა“,- განაცხადა უფლებადამცველმა.

გამოძიების ინფორმაციით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც გამოძიების ცნობით, ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button