საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას არ ატარებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.
„როცა ბრალდება ჩნდება, სიტყვების გარდა, რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები არ ისმის, რისი შეფასების შესაძლებლობაც გვექნებოდა და, ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები ვერც იქნება, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, ასევე რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის სხვადასხვა საბაჟო ოპერაციები – იმპორტის შემთხვევაში ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტის შემთხვევაშიც ოპერაციის შეცვლა და ექსპორტის განხორციელება – ნებისმიერი სახის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არის სანქცირებულთა სიაში. როგორც საქონელი – ასევე სანქცირებული პირები“, – თქვა ფინანსთა მინისტრმა.
მისი სიტყვებით, არსებობს კიდეც სტატისტიკა, რომლის მიხედვით, სანქციების დარღვევის რისკის არსებობის გამო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რედ) დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი საბაჟოს მიერ შეჩერებული და გაუქმებულია.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სანქცირებული საქონლის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და არ არის მარტივი მისი აღსრულება, გარკვეულ საქონელთან მიმართებით საკითხი პირობებსა და ვადებზეა მიბმული. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სანქციების აღსრულების სფეროში ორი სერტიფიცირებული ექსპერტი ჰყავს, რომლებსაც აშშ-ში სპეციალური პროგრამა აქვთ გავლილი. “საბაჟო სამსახურში საქართველოს ორი ასეთი ექსპერტი ჰყავს, მათზე კვალიფიციურ პასუხს ვერავინ ვერ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციებთან მიმართებაში“, – თქვა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრისვე განცხადებით, სანქციების აღსრულებაზე საქართველოში “იმ დონის კონტროლი ხორციელდება, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით”.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე CNN-ის ჟურნალისტს პასუხობს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას არ ატარებს. ამავე განცხადებაში კობახიძე “რადიკალურ ოპოზიციას”, მედიასა და პრეზიდენტს აკრიტიკებს.
CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ჰკითხა სანქციებისთვის გვერდის ავლაზე და თქვა, რომ ვრცელდება ცნობები, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანაზე.
“როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.
ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება”, – წერს კობახიძე.
ირაკლი კობახიძისეს განცხადება, დღეს პოლიტიკური შეფასებებისა და ურთიერთბრალდებების საკითხად იქცა.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ტრანზიტის მაჩვენებლები და არა ექსპორტის.
ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს ზურგს არანაირი რეალური ციფრები არ უმაგრებს.
“შანსს არ უშვებს იერიში მიიტანოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინიათ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოუკიდებლობის ხარისხის აწევა, ეს არის რეალურად საფრთხე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების უკან არავითარი რეალური ციფრები არ დგას,” – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კობახიძემ უნდა გამოაქვეყნოს ციფრები, რომელიც ეფუძნება ტრანზიტსდა არა ექსპორტს.
“არავინ არ საუბრობს ექსპორტზე. აქ საუბარია ტრანზიტზე. ტრანზიტსა და ექსპორტს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ, გამოაქვეყნონ ახლა ციფრები, გაიზარდა თუ არა ტრანზიტი რუსეთის მიმართულებით. ზუსტად ამ ტრანზიტზეა საუბარი, რომლის მონიტორინგსაც ჩვენ ვითხოვთ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
საქართველო არასოდეს გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი – ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას CNN-ის ეთერში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, რომ გაზრდილ ექსპორტში უდიდესი წვლილი რუსეთთან ვაჭრობას აქვს.
“ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ ზიანი მიადგეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. არაერთხელ ვამხილეთ ჩვენი ოპონენტები, როდესაც ისინი იყენებდნენ საერთაშორისო მედიას, იყენებდნენ იმ კავშირების, რომელიც ჯერ კიდევ რჩება. ჩვენი მოვალეობა, რომ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს სიმართლე.
სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს ყველა იმ საერთაშორისო წესს, რომელიც უკრაინის ომის განმავლობაში არის დაწესებული და საქართველო არასდროს გამხდარა და არც არასდროს გახდება, სანქციების გვერდის ავლის ადგილი.
საქართვლოს ეკონომიკა იზრდება, არა მხოლოდ ომის პერიოდში- წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტი, ესეც სიმართლეა, თუმცა ტყუილია ის, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან თუნდაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობა,” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ რომ საკითხი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ თემაზე 13 იანვარს გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია.
მოგვიანებით, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, კითხვით მიმართა.
უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტით განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.