მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მხარდამჭერები ორბელიანის სასახლესთან აქციას მართავენ

ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად, სასახლის ეზოსთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც 3 პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება ამ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ჯანმრთელი”, – აცხადებს ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია.

როგორც აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა თავისი დატვირთვით, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

აქციიის პარალელურად ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები. ორბელიანების სასახლეში უკვე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი და ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პეტიციას მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, ის ხელმოწერას მიიტანს და ღონისძიებას დაესწრება.
“დღეს დავესწრები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი, მივიტანო პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, ჩემი ხმა ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული რეჟიმის ხელით პუტინის პირადი პატიმარია, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის შეუძლია დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირადად აღმართა ევროპული დროშა და რომელსაც პირადად, ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს”, – ამბობს ბოკუჩავა.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას”. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას არ აპირებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button