საქართველოსიახლეები

“საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-თან უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს”

საქართველომ დაამტკიცა, რომ საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში ამერიკის სანდო პარტნიორია, – სტატიას ამ სათაურით გამოცემა The Daily Signal-ი აქვეყნებს.

გამოცემის ავტორი, ენტონი კიმი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში კავკასიის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდა მთელ რიგ გლობალურ საკითხში.

„პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა რუსეთის ექსპანსიის შეკავების წინა ხაზზეა და ათასობით ჯარისკაცით დაეხმარა აშშ-ს ერაყსა და ავღანეთში. ახლა კი, საქართველო აშშ-თან კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაერთიანდა“, – წერს კიმი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს COVID 19-თან ბრძოლაში ცენტრალური ადგილი ლუგარის ლაბორატორიას უკავია, რომელიც აშშ-ის დაფინანსებით შეიქმნა და აღნიშნულ ცენტრში ტესტების შედეგები 24 საათზე ნაკლებ დროში ხდება ცნობილი.

„როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღორძინების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ქვეყანამ პროაქტიური ნაბიჯები გადადგა COVID 19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ვირუსის გავლენის შესამცირებლად“,- წერია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, პანდემიასთან ბრძოლით, საქართველო ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორია. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და Heritage Foundation-ის მონაცემებს იშველიებს.

„ინდექსის ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში რეგიონის და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებზე გაცილებით მაღალია, ყოველწლიურმა რეფორმებმა კი, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია გამოიწვია. წელს საქართველომ ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში მე-12 ადგილზე შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ 2020 წელი თბილისის და ვაშინგტონის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი რიგ ეკონომიკურ პროექტებზე მუშაობენ, მათ შორის, შავ ზღვაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე; აღრმავებენ ურთიერთობებს ნატოს ფორმატში და შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც გააფორმონ.

„ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება და ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა. საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ერთგულებას და უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს“, – მიაჩნია სტატიის ავტორს.

მსგავსი პოსტები

Back to top button