საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი აღადგინა

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აბას თალები ფარი მიიღო.

შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ირანის მხარისთვის ოფიციალური შეტყობინება წარმოადგენდა, რომლის თანახმად, 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ უნდა ამოქმედდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნული შეთანხმების მოქმედება, საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევით, ქართული მხარის მიერ 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით იყო შეჩერებული.

ირანის მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ნოტა გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მოქმედ ორდინალურ პასპორტებს ფლობენ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლება ეძლევათ.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხებიც მიმოიხილეს, მათ შორის, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანზიტის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button