მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველომ ისესხა: €90 მლნ KFW-სგან, $100 მლნ ADB-სგან

საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე სასესხო შეთანხმება გააფორმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის 100 მლნ აშშ დოლარის სესხი გამოუყო. ADB-ის ინფორმაციით, სესხი დაეხმარება 4 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ, 2 000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.

ბანკის ცნობითვე, მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით, სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350 000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250 000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1,2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

“დაავადების გავრცელების შესაკავებლად, სესხი ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის, ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება.” – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button