მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ინტერესები არ ითმობა-სანქციები არ მოქმედებს არც ივანიშვილზე, არც ოცნების წევრებზე და არც თანამდებობის პირებზე-ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული.
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი.
„ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ არის პოლიტსაბჭოს მძაფრი რეაქციის მიზეზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიებს ფლობს, თბილისის მერი პასუხობს, რომ საქართველოს ინტერესები სხვა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ არ ითმობა.
„ოფშორული კომპანიები რა შუაშია?! ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. აშანტაჟებდნენ პირადი თანხებით. იცით, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში. მან ეს დავა მოიგო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანხას არ უბრუნებდნენ – აშანტაჟებდნენ, რომ გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი, რასაც შემდეგ მისი დასანქცირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა. ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. უკრაინა საქართველოში ვერ განმეორდება და მოხდება. ჩვენ დავიცავთ ხალხს, ქვეყანას და მოვახდენთ მის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გლობალური ომის პარტიას, დასანქცირების გარდა, რესურსი რომ აღარ დარჩა, ნიშნავს, რომ თავადაც მიხვდნენ, საქართველოსთან მიმართებაში დამარცხდნენ და მეორე ფრონტი არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები არ მოქმედებს არც ბიძინა ივანიშვილზე, არც მმართველი გუნდის წევრებზე და არც თანამდებობის პირებზე.
„პირიქით, საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს ხალხი უფრო მეტი მოტივაციით უძღვება ქვეყანას. ჩვენ კარგად ვიცით, არაერთი განცხადება თუ მოქმედება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც არამარტო სიტყვით, თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ პირადი სუბიექტური ინტერესებით და რესურსის გამო არცერთ შემთხვევაში არ წავა საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ სანქციებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ეს მცდელობა, ერთი მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაშიც კი ევროპული ღირებულებები მეორე გვერდზეა გადაწეული და, მეორე მხრივ, რადგან ეს იარაღი უკვე აღარ გამოდგა, გაცვეთილია და იმავეს იყენებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სხვა იარაღი არ არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. იცით, რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით, შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ძირითადი უფლებების განვითარებას. სხვათა შორის, ეს აქტები უკავშირდებოდა, პირველ რიგში, საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის, ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში. ეს ძალიან სამწუხაროა. რაც აღნიშნულია ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე შესული წინადადება გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ შელახოს საქართველოს იმიჯი.
ბოჟაძის განმარტებით, ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას.
“საქართველოს მოქალაქეებს კითხვები აქვთ არა მხოლოდ მიზეზებთან, რის გამო შეიძლება დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არასდროს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ან რატომ არ უხსენებია 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის ან ადეიშვილის, ან იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირება. რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. როდესაც სამართლის პრინციპზე ვლაპარაკობთ და როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ და არ აძლევ საშუალებას, თავი გაიმართლოს, მტკიცებულებები წარმოადგინოს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქაც ჩანს, რომ გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ შელახოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი და, რაც მთავარია, განახორციელონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. ეს პროცესი წლებია გრძელდება და ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. დარწმუნებული ვართ, თემთა პალატა, მიუხედავად კონკრეტული პოლიტიკოსების ინიციატივისა, ამას არ გაითვალისწინებს და არ მიიღებს”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button