საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო გაურკვეველი ვდით გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე ჩახნაშვილის თქმით, სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის, თარიღის განსაზღვრის გარეშე.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება დღეს თავად მიხეილ სააკაშვილსაც სურდა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს. როგორც ენმ-ს დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ვერც ექიმებმა და ვერც პენიტენციურმა პასუხისმგებლობა ვერ აიღო მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის მოსალოდნელ გაუარესებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება თვალშისაცემია. ამის შესახებ მან კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს.
“სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთი ვესაუბრე – უფრო დიდ ხანს, ვხვდები, რომ მას არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ერთი შეხედვით და საუბრითაც მახსოვს, როგორი იყო ის იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში. განსხვავება არის თვალშისაცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არის მკვეთრად გაუარესებული. აქვს წონის მკვეთრი დაკარგვა…
ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე”, – თქვა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება “დიდ პოლარიზაციას” გამოიწვევდა.
დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე გამოეხმაურა ოპონენტების ბრალდებებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს, რეალურად, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ეს სპეკულაციაა.
მისივე თქმით, დღემდე არავის უთქვამს, რა დიაგნოზები აქვს სააკაშვილს, რომლის მკურნალობაც ვერ ხერხდება.
ამასთან, როგორც თალაკვაძე აცხადებს, უცნობია, რამდენად ასრულებს სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კლინიკა “ვივამედის” სამედიცინო პერსონალმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ეტაპირების ნებართვა არ გასცა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს კლინიკასთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა:
“მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები. ნევროლოგის დასკვნა იყო პარასკევსაც და დღესაც მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, როდესაც ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ამბობენ, რომ გზის იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ პრაქტიკულად ლეტალური შედეგი, რაც მიუთითებს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჯანმრთელობის კუთხით. ასევე ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში არ ხერხდება”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
მისი განცხადებით, ზედაპირული შეფასებითაც კი შეუძლია თქვას, რომ სააკაშვილი, ამჟამინდელი მდგომარეობის პირობებში, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემასაც ვერ შეძლებდა. ხატია დეკანოიძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ არ სურდათ, ხალხს სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ენახა და ამიტომ არ მისცეს მას სასამართლო სხდომაზე დასწრების ნებართვა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სხდომა განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საქმეზე პირველად მიიღო, მანამდე განხილვა თითო კვირით იდებოდა ხოლმე.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, უცნაური და კონტექსტიდან ამოვარდნილია ის, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომის შემდგომი თარიღი სასამართლომ ამჯერად არ განსაზღვრა და სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პროცესი გადაიდო.
„უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ყოველ კვირა ინიშნებოდა, იმის
მიუხედავად, რომ სასამართლოს ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მას შესაძლებლობა არ ჰქონდა სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა. პროცესები მაინც ინიშნებოდა და სასამართლო პროცესის ჩატარებას მუდმივად ცდილობდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ჩვენთვის მოულოდნელად, მოსამართლემ წარმოადგინა კლინიკა „ვივამედის” მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ სასამართლომ განსხვავებული მიდგომა აირჩია დღეს და აღარ იყო მოწადინებული მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით პროცესი ჩატარებულიყო. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში” მკურნალობის მიზნით იმყოფება მაისის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არათუ არ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იმ კონდიციამდე გაუარესდა, რომ დაახლოებით, 3 კმ-ს მანძილზე ტრანსპორტირებაც კი არ არის შესაძლებელი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოსწორება და მკურნალობა არამხოლოდ კლინიკა “ვივამედში”, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც შეუძლებელია. ამ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილება დროულად უნდა იქნას მიღებული, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფული მდგომარეობა”. განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.