მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნიმუშები აიღეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ნიმუშების აღებას დასთანხმდა.

ვასილ კაკაშვილის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებამ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღება შესთავაზა.

“ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია,” – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.
მან თავი შეიკავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან და თქვა, რომ იურისტია და ექსპრეზიდენტის სამედიცინო სტატუსის შემოწმება არ შეუძლია. ვასილ კაკაშვილმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მწოლარე დახვდა და განმარტა, რომ ნიმუშების აღებისთვის ეს პოზიცია მათთვის ხელსაყრელი იყო.
საგამოძიებო უწყების ვიზიტს აფასებს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მსჯავრდებული კვლევის ჩატარების წინააღმდეგი არ არის. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა, მას ერთხელ უკვე გამოტანილი აქვს სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, რომელიც დაცვამ სტრასბურგში გაასაჩივრა.

“ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია სრულად, ვერ დადის რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა, ამის წინააღმდეგი არც არასდროს ვყოფილვართ, უბრალოდ, მოვითხოვე, ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენი ექსპერტები დაესწრონ. ნიმუშები აუღეს – სისხლის და შარდის,” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საელჩო ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვის საკითხსაც აყენებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება მის საზღგავგარეთ გადაწყვანის მოთხოვნას, დიპლომატის შეფასებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან, ასევე მისი უფლებების საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.

“ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დაკვირვებას. ჯერჯერობით ვეცნობით ახალ დოკუმენტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას, რომელიც ახლახანს გახდა საჯარო. მთავარია, მთავრობამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალი ინფორმაციის საფუძველზე. ველოდებით სანდო სამედიცინო დასკვნას რომ გადაწყდეს რა იქნება საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს მისი ჯანმრთელობის შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. მისი უფლებები უნდა იყოს დაცული,” – აცხადებს დეგნანი.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც – პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საელჩო აკვირდება პროცესებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვის საკითხს აყენებს. რაც შეეხება მის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას, დიპლომატის შეფასებით ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

1 დეკემბერს ცენტრმა “ემპათიამ” გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს “პრაქტიკულად ჯანმრთელი” მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button