მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ტელეფონით ისაუბრეს

პარასკევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სექტემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მიეძღვნა “უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს და მის შედეგებს.”
გერმანული მხარის თანახმად, შოლცმა დაგმო რუსეთის ავიადარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
ოლაფ შოლცის პრესსპიკერის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოძებნოს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

„კანცლერმა განსაკუთრებით დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა შოლცის პრესსპიკერმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც.
მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა “მოუწოდა გერმანულ მხარეს, გადახედოს თავის მიდგომებს” უკრაინასთან მიმართებაში. პუტინმა, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, განუცხადა ოლაფ შოლცს, რომ რუსეთის არმია “დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმებისგან”, მაგრამ ახლა ასეთი ზომები “გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”. იგულისხმება ყირიმის ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად. უკრაინას პირდაპირ არ დაუდასტურებია თავისი მონაწილეობა ამ აფეთქებაში.

„განიხილეს რა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების სხვადასხვა ასპექტი, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა რუსული ფუნდამენტური მიდგომები სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის, დესტრუქციულ ხაზზე, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან, წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი, ისევე როგორც უკრაინის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, იწვევს იმ ფაქტს, რომ კიევი მთლიანად უარყოფს ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას. გარდა ამისა, ეს ახალისებს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აღინიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებისგან, მაგრამ ახლა ასეთი ზომები გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ყირიმის ხიდსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე“, – აცხადებენ კრემლში.

რუსეთმა 10 ოქტომბრიდან რამდენიმე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. 23 ნოემბერს, ბოლო ასეთი დარტყმის შემდეგ, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები კვლავაც გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმია იმ ობიექტებს ურტყამს, რომლებიც ხელს უწყობენ “რუსების დახოცვას.”

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს უკრაინა ტერორიზმის აქტად მიიჩნევს, რუსეთის სარაკეტო იერიშებს სამოქალაქო ობიექტებზე გმობენ ასევე დასავლეთის ქვეყნებიც.წუხელ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ რუსეთის ლიდერს სურს ომის დასრულება. ასეთი მზადყოფნის ერთ-ერთ პირობად თეთრი სახლი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას მიიჩნევს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ ეს მოსკოვისთვის მიუღებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button