მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ზე ცნობილია

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.

სიაში 26 ფეხბურთელი შედის. ესენი არიან:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩელეიშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი;
თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.
ფეხბურთელები ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში შეხვდება, 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა.

დონეცკის “შახტარის” მცველი ირაკლი აზაროვი გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა და თავის არჩევანზე ისაუბრა.

„სამი თვის წინ ჩვენი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო. ბედნიერებაა, რომ იქ გამოსვლის უფლება გვაქვს. თუ ვინმე გამოგვაკლდება, სხვას დავიმატებთ, რადგან განაცხადის უეფა-ში წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია.

გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი არასწორი მგონია და ჩვენი მოთამაშეებისთვის ზედმეტი წნეხის დამატებაა. თუმცა, პოტენციალი არის.

არიან თუ არა ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში? ახლა რომ დაგეთანხმოთ, ესეც დამატებითი წნეხი იქნება გუნდზე. ფეხბურთი არის შრომა, დისციპლინა და პროფესიონალური მიდგომა. ამ კუთხით მე გუნდის წინსვლით კმაყოფილი ვარ. მარტში, პლეიოფის მატჩებამდე შეკრებითაც კმაყოფილი ვიყავი და ისეთი დადებითი შეგრძნება მქონდა, როგორიც არასოდეს მქონია.

კიტეიშვილმა ბევრი რამ შეცვალა და მისი ბოლოდროინდელი წარმატება ამის ლოგიკური შედეგია. საერთოდ, წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, საჭიროა დიდი და ყოველდღიური შრომა“, – ამბობს ვილი სანიოლი.
ფრანგმა სპეციალისტმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის 2 ივნისიდან ავსტრიაში მოემზდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button