საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრების დებიუტი 28 აპრილს შედგე
საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები (ქვედა კიდურის ამპუტანტები) სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.
ქართველი ფრენბურთელები სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენებს უმასპინძლებენ. ისტორიული შეხვედრა სპორტ კომპლექს “ახალ თბილისში” მდებარე ხელბურთის დარბაზში 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული გუნდი თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა. პირველი ეტაპისთვის შემადგენლობა ძირითადად საქართველოს სამხედრო ჯარებში, სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, თუ შიდა კონფლიქტურ რეგიონებში მომხდარი საომარი ოპერაციების დროს დაჭრილი ადამიანებით დაკომპლექტდა. თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პარაფრენბურთის გუნდის პარალელურად საქართველოს პარაფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, რომელმაც უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, სულ ახლახანს დაფუძნდა. ფედერაციის მიზანია, აქტიურად ითანამშრომლოს, შსს-თან, დედაქალაქის მერიასთან და საქართველოს სხვა რეგიონალურ ცენტრებთან, სადაც პარაფრენბურთელთა გუნდები დაკომპლექტდება, და ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულ პირველობაზეც გამოვლენ.
საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩის მეტოქე აზერბაიჯანს გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. აზერბაიჯანელ პარაფრენბურთელებს ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული. საქართველოს პარაფრენბურთის ფედერაცია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით მომავალში პარაოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობაში ლიცენზიის აღებასაც გეგმავს.