მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,საქართველოს პასპორტს მეტი ფასი დაედო,,- ქართველები ჩინეთში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილში ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა და ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
კომუნისტურ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ჩინეთთან, როგორც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ამან შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს სხვა პარტნიორებთან – აშშ-სთან და ევროკავშირთან – ურთიერთობები.
მთავრობასა და მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს არ შეაფერხებს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ პეკინის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების ინტერესს ხედავენ, რაც გარკვეულ ნაბიჯებშიც გამოიხატება, მათ შორის ეკონომიკის, პირდაპირი ფრენების კუთხით.
გარდა ამისა, მან შეაფასა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და გარკვეულწილად გააკრიტიკა ვაშინგტონი. კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით “შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი”.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს პასპორტს მეტი ფასი დაედო.
“ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან კარგი, მეტი კომფორტი საქართველოს მოქალაქისათვის. მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, ისტორიული მოვლენაა, რომელსაც თავისი გვერდითი, კიდევ უფრო კარგი ეფექტებიც აქვს,”- აცხადებს მდინარაძე.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველო-ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაშიც ჩვენს პარტიას თავისი მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობის დონეზე ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძვანელობასთან ჩაუყარა საფუძველი მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“უზარმაზარი შესაძლებლობების სივრცე,” – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება.
“ჩინეთი გახლავთ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების სივრცე. როდესაც ამ სივრცეზე წვდომისთვის კიდევ ერთი ბარიერი იხსნება და მეტი თავისუფლება ჩნდება, ბუნებრივია, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და, საზოგადოდ, საქართველოში მოქმედი ბიზნესისთვის და არამხოლოდ,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩინეთის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას გამოეხმაურა.
“ჩინეთს უვიზო მიმოსვლა არ აქვს ბევრ ქვეყანასთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი შედეგი გამოიღო და მივესალმებით. ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის არის სასარგებლო. ზოგადად, იცით, რომ საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან-წლამდე იმატებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ.
სულ 3,5 მილიონი ცხოვრობს საქართველოში და არ მგონია, მოცულობით ისეთი დიდი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ჩვენ მიმართ რაიმე კითხვები, შიშები, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული და ადამიანური კავშირებისთვის უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო, ვნახეთ, ჩვენს ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობები, ევროკავშირში იმოგზაურონ და ისწავლონ, რათა დაახლოვდნენ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, როცა ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს ურთიერთობებს გააძლიერებს,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება საქართველო-ჩინეთს შორის კავშირებს შეუწყობს ხელს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს არის გაგრძელება თანამშრომლობის, რომელიც გაფორმდა გასულ წელს ჩინეთთან. იცით, რომ პირველი საქართველოს მხარის გადაწყვეტილება იყო, სექტემბერში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც გავაუქმეთ მოკლევადიანი ვიზები ჩინელებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ პროგრესთან ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს აისახება მეტ ტურიზმში. შარშანვე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთთან და ასეც მოხდა.
ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში. ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო ეკონომიკური კუთხით, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი ამ პროცესს უფრო ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში. ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთისს ხვადასხვა ქალაქს შორის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც გადაწყვეტილება წამახალისებელი იქნება. ვფიქრობ, დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს და გასულ წელს დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდგომ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს. კულტურული და სხვა ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. დღეების საკითხია, როდესაც ძალაში შევა. რაც შეეხება 30 დღეს, 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში და ეს არის იგივე რეჟიმი, როგორიც გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს პოზიტიურად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბარიერების მოხსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით.
“ბუნებრივია, ეს არის დადებითი მოვლენა. მაშინ, როდესაც სავიზო რეჟიმის ბარიერები არსებობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როდესაც [ბარიერი] იხსნება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ამარტივებს ამ კუთხით თანამშრომლობას ნებისმიერი ბიზნესმენისთვის ისევე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ტურისტული მიზნით წავიდნენ ჩინეთში,” – აცხადებს “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.
სიახლეს პოზიტიურად მიიჩნევენ “გირჩშიც”.
“ზოგადად, პოზიტიური ცვლილებაა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რაც ნაკლები ბარიერია მოგზაურობაში თუ გადაადგილებაში, მით უკეთესი. მეტი ტურისტი შეიძლება ჩავიდეს-ჩამოვიდეს, მეტი ეკონომიკური ურთიერთობა დამყარდეს და ა.შ.,” – აცხადებს “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა.
ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.
„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რა ვიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთის გარდა, ნებისმიერ ქვეყანასთან მისასალმებელია სავიზო რეჟიმის მოხსნა.
აქუბარდიას თქმით, ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება მხოლოდ მისასალმებელია.
„მივესალმები ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რუსეთის გარდა. მხოლოდ უკეთესობაა ამ მოცემულობაში ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ბიზნესსექტორს. ეს ნამდვილად მისასალმებელი ნაბიჯია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. მსურველებს ერთ ჩასვლაზე 30 დღით დარჩენა შეეძლებათ.
ორი ქვეყნის ახალ გადაწყვეტილებაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსულმა ისაუბრა. უვიზო რეჟიმი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსული საქართველოში ლი ჭაო აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.
“საელჩო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩინეთი მზად არის გამოიყენოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც შესაძლებლობა, რომ მუდმივად ხელი შეუწყოს ორივე მხარეს, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების მიმოსვლის გზით. საელჩო გიდასტურებთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ორივე ქვეყნის ჩვეულებრივი პასპორტებისთვის, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველ მეგობრებს გაემგზავრონ ჩინეთში, მოკლევადიანი, ტურისტული და ბიზნეს მიზნებით. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდება ტექსტზე და ხელს მოაწერს მას, სავალდებულო პროცედურების შესასრულებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. ჩვენ ვიმუშავებთ ქართულ მხარესთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში”, – განაცხადა ლი ჭაომ.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას: „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ”. დოკუმენტი 26 თებერვლით თარიღდება. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.

2023 წლის 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button