მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი 18 აპრილს, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ მან ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, დღეს 31 მარტს გააჟღერა.
როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მიიღო.

“ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ”, – თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ გააზრებული აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა და აპირებს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება.

“პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი…

დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.მისი თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების ფორმალური შესრულება ან მხოლოდ სამოქალაქო სექტორის აქტიურობა შედეგს ვერ მოიტანს.

“ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო თვეები და წლებია მმართველი პარტიისა და მთავრობის წევრები ევროპარლამენტარებს აკრიტიკებენ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციების გამო. მაგალითად, 24 მარტს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეეხებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button