ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს ვიდეომასალა, რომელშიც რუსების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებია ასახული.
ზელენსკი წერს, რომ ოკუპაციის დროს რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 9 000-მდე სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
“ბუჩა და ბუჩას რაიონი. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1 400-ზე მეტი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში. ომის 9 000 დანაშაულის ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით”,- წერს ზელენსკი.
რატომ კლავს რუსეთი, რატომ დასცინის, აწამებს, ატერორებს? ის ცდილობს ხალხის ღირსების მოსპობას, იმისთვის, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მტვერი იყოს მათ ფეხქვეშ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა.
მისი თქმით, ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება ნიღბის გარეშე დაინახა.
„ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა კრემლი უკრაინის სხვა ქუჩებში, ევროპის, მსოფლიოს ქუჩებში, რომელიც შეიძლება დაეპყრო რუს ოკუპანტებს, რომ არა თქვენ, რომ არა ჩვენ, რომ არა უკრაინელები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების დასაცავად.
“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რუსული ბოროტება დაემხობა სწორედ აქ – უკრაინაში და ვეღარ აღდგება. კაცობრიობა გაიმარჯვებს, მაგრამ კაცობრიობას უნდა ახსოვდეს ყველა უკრაინული ქალაქი, რომლის გმირობა და სიმტკიცე მომავალს აძლევს ყველას, ვინც აფასებს ყველაზე მნიშვნელოვანს – სიცოცხლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ჰეგერი და მისი სლოვენიელი და ხორვატი კოლეგა, რობერტ გოლობი და ანდრეი პლენკოვიჩი 31 მარტს ჩავიდნენ უკრაინაში, სადაც დღეს რუსი ოკუპანტებისგან კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის გათავისუფლების წლისთავი აღინიშნება. სამი ევროპული მთავრობების მეთაურები მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილ სამიტში. ასევე მოელიან, რომ კიევში ჩავა მოლდოვის პრეზიდენტი, მაი სანდუ. ქალაქი ბუჩა 2022 წლის მარტში რუსეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.
ბუჩის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ სამიტზე ევროპელი ლიდერების ჩასვლის შესახებ წინასწარ არ გამჟღავნებულა.
მანამდე, 31 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციული ვიდეომიმართვა გააკეთა, რომელშიც პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
2022 წლის მარტის ბოლოს რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონი, მათ შორის ქალაქი ბუჩა, დატოვეს. 31 მარტს ქალაქში შევიდნენ უკრაინელი სამხედროები, ასევე უცხოური გამოცემების ჟურნალისტები, რომლებმაც რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები აღბეჭდეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი ბუჩა რუსული ოკუპაციისგან. ქალაქი 33 დღის განმავლობაში იყო ოკუპირებული.
ბუჩაში ოკუპანტებმა არაადამიანური სისასტიკე ჩაიდინეს: ქალებს აუპატიურებდნენ და ქმრებს ხოცავდნენ. დაფიქსირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის, წამებისა და გაუპატიურების, ასევე ძარცვის ფაქტები.
დეოკუპაციის შემდეგ, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში უამრავი ცხედარი და სამარხები აღმოაჩინეს. არსებობენ მოწმეებიც, რომლებიც ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე ყვებიან.