საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტში სიტყვით გამოიდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ იმ დროს, როცა ევროკავშირი საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარება, რუსეთისთვის მადლობის გადახდა “ეკონომიკის განვითარებისთვის” ამორალურია.
“ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის?! მე ვფიქრობ, არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ ასევე ცალსახად არასწორი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს, ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და შეთანხმებით, რამაც შეაჩერა რუსები მეტად წაწეულიყვნენ წინ. თუმცა ევროპული რეაქცია არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთმა შესაბამისი ფასი არ გადაიხადა. თუმცა ევროპის გარეშე თბილისიც კი ოკუპირებული იქნებოდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი.
29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, “მაგრამ მეტი შეიძლებოდა”. საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა ევროპარლამენტს.
“ჩვენ არ ვართ იდეალურები, აქედან შორს ვართ. უკანასკნელი 2 წელია, მთავრობის მიმართ ჩემი გზავნილია, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ერთგული დარჩეს საარჩევნო დაპირებებისა უფრო მეტი ევროპისთვის.
12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბრიუსელში გამართული შეხვედრები, ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ჩამოვლენ.
„პირობას ვერ დავარქმევ, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაინმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე [ევრო] პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ცუდად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის.
„ჩვენი სიმბოლო გვაჩვენებს და ჩვენი გერბი ამბობს, რომ ძალა ერთობაშია. დღესდღეობით, სამწუხაროდ პოლარიზაციის პროცესს განვიცდით. პოლარიზაცია მცირე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც აწყდებიან ოკუპაციას და პროპაგანდას, ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებას. პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს – ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ. საქართველოს ძირითადი ღირებულებები ეხმიანება 12 რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ, საქართველოს კულტურის, ღირებულებისა და მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
„მინდა, ვთქვა, რომ ისტორიული წარსული საკმარისია, რათა დღევანდელი შეშფოთებების მოგვარება მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი შეშფოთების საკითხი და ევროკავშირი რასაც ითხოვს, ეს გახლავთ ჩვენი კულტურის, ღირებულებისა და მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი. ევროკავშირის რეკომენდაციები არ გახლავთ უცხო იდეები, რომლებიც ჩვენ თავს მოგვახვიეთ, როგორც საბჭოთა იდეოლოგია აკეთებდა ამას. ეს არის ნამდვილად ქართული, შესაბამისად, რასაც ითხოვთ ჩვენგან, არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა. თქვენი რეკომენდაცია გახლავთ, რომ საქართველომ მოსპოს ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები და შეუერთდეს და დაუკავშირდეს თავის ევროპულ ფესვებს. საკუთარი დამოუკიდებლობიდან საქართველო მუდამ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობდა. საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ჩვენ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც დაიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის – ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 31 მაისს და დაამატა, – მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი – აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.
რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.
მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის – წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობას მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, არ აქვს აზრი მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.
“პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. მე ნამდვილად აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, მე ვახორციელებ შეხვედრებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.