მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები.

“საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრეგაძის უწყებას პასუხობს. ის ასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას დათანხმდება. განცხადება რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,

ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივა მედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1—-მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი!

2—-სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს!

3—-ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით!

4—-როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე “ვივა მედში”!

5—-გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას თქმით, კომპრომისს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ მის მკურნალობის პროცესში, ასევე გამოკვლევებში, აუცილებლად მისი ნდობით აღჭურვილი პირები უნდა იყვნენ ჩართული.

კომპრომისს არ ექვემდებარება ის საკითხი, რომ მიუხედავად ღრმა პატივისცემისა “ვივა მედის” კლინიკის მიმართ, ეს ისეთი საქმეა, სადაც ყველაფერი მოხდა უკვე რაც შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა და რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, ამიტომ, სააკაშვილის კვლევებიდან დაწყებული, დიაგნოზით გაგრძელებული, გამოკვლევის დანიშვნით დამთავრებული და შემდეგი ეტაპებიც, მათ შორის თუ გამოჯანმრთელების ფაქტი დადგება, ამ ფაქტის დადგენაც უნდა მოხდეს მისი ნდობით აღჭურვილი პირების მონაწილეობით, – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button