ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ეს-300 ტიპის 4 რაკეტით ქალაქ კრამატორსკზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 47-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 52 შეტევა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) გეოლოკაციური მასალების გამოკვლევის საფუძველზე წერს, რომ 9 და 10 აპრილს, რუსეთის ძალებს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდათ ქალაქ ბახმუტიდან დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს ახალი მონაკვეთების დაპყრობა მნიშვნელოვანი დანაკარგის ფასად უჯდება.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი მი-24 და 9 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 179 320 ჯარისკაცი დაკარგა.მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 11 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3644
ჯავშანტექნიკა – 7038
საარტილერიო სისტემა – 2765
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 535
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 282
თვითმფრინავი – 307
ვერტმფრენი – 293
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2332
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5620
სპეცტექნიკა – 316
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.